მისი თქმით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ახალგაზრდები, რომლებიც აგრარულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ, ხელფასის სახით ყოველთვიურად 1500-2000 ლარს იღებენ, მაშინ როდესაც ძველი თანამშრომლების ხელფასი 800 ლარს არ აღემატება. ლობჟანიძე ამბობს, რომ კახა ბენდუქიძემ აგრარულ უნივერსიტეტში თავისუფალი უნივერსიტეტის 30-მდე კურსდამთავრებული დაასაქმა, რომელთა კვალიფიკაციაც არ შეესაბამება ლექტორის კვალიფიკაციას.
“აგრარულ უნივერსიტეტში სამართლის და ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამებზე ლექციებს კითხულობენ მხოლოდ მოწვეული სპეციალისტები, რასაც კანონმდებლობა კრძალავს. მათ შორის მოწვეულ სპეციალისტებში არიან თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები, რომელთა კვალიფიკაციაც საეჭვოა. აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ავტორიზაციის საბჭოზე განაცხადა, რომ ის, როგორც რექტორი, პრიორიტეტს ანიჭებს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, თმაჭაღარა და თეთრწვერა დოქტორებთან შედარებით,” _ აცხადებს ზურაბ ლობჟანიძე.
მისივე თქმით, კახა ბენდუქიძე აგრარულ უნივერსიტეტს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტუდენტების დასაქმებისათვის იყენებს: “ბენდუქიძეს აქვს ასეთი სქემა _ მოგეხსენებათ, თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლება არის უფასო და სტუდენტები მხოლოდ დასაქმების შემდეგ იხდიან სწავლის გადასახადს, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები დასაქმებულები არიან აგრარულ უნივერსიტეტში და ხელფასიდან იხდიან სწავლის საფასურს.”
ზურაბ ლობჟანიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აგრარული უნივერსიტეტის 609 სტუდენტს უკანონოდ შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და მათ ხელახლა მოუწევთ ეროვნული გამოცდის ჩაბარება.