“ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, არასასიამოვნო ტენდენცია დამკვიდრდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის თვალსაზრისით. შეშფოთებული ვარ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, რომელიც მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინე კუბლაშვილს სერიოზული დაავადება აქვს, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კონსტიტუციითაა დაცული და მისი დარღვევა ყოვლად დაუშვებელია. პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღურ, რუსულ, ოლიგარქიულ, კაპიტალისტურ მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას.
ეს საქციელი უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.” _ წერს მიხეილ სააკაშვილი.
“გურია ნიუსის” მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დასმული კითხვის არსი მდგომარეობდა იმაში, თუ რამდენად მიზანშეწონილია კოჰაბიტაცია იმ სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომლის პერიოდშიც სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენები ძალიან ხშირად 0. 1%-ს არ ცილდებოდა და რომლის პერიოდშიც არაერთი უკანონო განაჩენი იქნა გამოტანილი.
“არა მაქვს ამაზე ძალიან კარგი პასუხი, მაგრამ მაინც შევეცდები, რომ გიპასუხოთ. სუსტი გადასვლა იყო ჩემს გამოსვლაში (გულისხმობს გამოსვლას კოტე კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ავტ)... აი, ეს არის ოპონირება, ეს არის ეტალონი ოპონირების (საუბარია “გურია ნიუსის” მიერ დასმულ კითხვაზე. ავტ) მე ვიტყვი, რომ სუსტი ადგილია ჩემს გამოსვლაში, მაგრამ მე მაინც შევეცდები აგიხსნათ, რა მქონდა მხედველობაში.
კუბლაშვილს ჰქონდა სერიოზული დაავადება, არ არის ეს ის თემა, ძალიან სიღრმეში წავედი, მაგრამ… ვგულისხმობდი იმას, რომ მას დაეხმარა სააკაშვილი და ვალდებულების გრძნობით იყო მასთან.
თუმცა, თქვენი კითხვის სიმძაფრეს მე ვგრძნობ და ვიცი, რომ ის რაც ხდებოდა სასამართლოში და რასაც თქვენ მახსენებთ არჩევნების პროცესში, ამაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ჰქონდა სასამართლოს და კიდევ რით გავამაგრო ჩემი პოზიცია…
ძალიან ბევრი მოხელე, როგორ მოვიხსენიო კუბლაშვილი, ძალიან დამაკნინებელი რომ არ იყოს, არიან მსხვერპლნი სააკაშვილის იდეოლოგიის. გეტყვით, რომ მეც მსხვერპლი ვიყავი ორწელიწადნახევარი და ცოტა უფრო მეტიც და ვერ ვაცნობიერებდი, ვისთან მქონდა საქმე. კუბლაშვილზე როცა ამას ვამბობდი, ვგულისხმობდი, რომ მე არ გამიგია მასზე რომ ის ა არის დიდი მექრთამე, ძალიან მდიდარი ადამიანი, ის უბრალოდ ვერ ახერხებდა უარი ეთქვა ერთი ადამიანისთვის…
ძალიან ბევრმა ჩემზე გვიან გაათვითცნობიერა რა ხდებოდა რეალობაში, ეს მოხდა თანდათანობით…” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსის” მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც მისი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.