ხელოვანის ამ სიტყვებს ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი დირექტორი, გიორგი არველაძე გამოეხმაურა და განაცხადა: “ეს აქამდე არასოდეს მითქვამს. სადღაც, გულის სიღრმეში იმ მსახიობების გაგებასაც ვცდილობდი, “მაესტროს” რომ მისტიროდნენ. ვფიქრობდი, ადამიანური და პროფესიული სიახლოვის ბრალია,-მეთქი. მაგრამ ახლა ვამბობ: სირცხვილი რუსთაველის თეატრის ყველა იმ მსახიობის ქართველობას, დიახ ქართველობას, ვინც დღეის ამას იქით რობერტ სტურუას სცენაზე დადგება! სირცხვილი! როდემდე უნდა გვეჯდნენ თავზე ეს რუსოფილი გასუქებული მონები? როდემდე უნდა “ვაპრავებინოთ” ამ ფასეულობებისგან გარეცხილ იდიოტებს რუსული იმპერიალიზმი?!”
“გურია ნიუსი” დაინტერესდა რას ფიქრობენ ხელოვანები არველაძის განცხადებაზე, დათანხმდებოდნენ რეჟისორთან მუშაობაზე თუ საზოგადოების ერთი ნაწილის აზრს გაითვალისწინებდნენ?
მანანა ორბელიანი, რეჟისორი: “გავგიჟდი! როგორ შეიძლება რობიკოზე თქვა ეს?! არანაირად არ ვიზიარებ არველაძის და მისი იდეების გამზიარებლების აზრს. თუ კი ასეთი დიდი რეჟისორი მიმიწვევდა, უსიტყვოდ დავთანხმდებოდი დიდი სიამოვნებით”.
ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი, რეჟისორი: “არველაძის ნათქვამი და ნაფიქრი არაფერს ნიშნავს. ვინ მისცა უფლება დემაგოგია უკითხოს ქართველ მსახიობებს! სირცხვილზე ესენი არ უნდა ლარაკობდნენ, მაგრამ… ასეთებს არც უნდა უპასუხო.”
გიორგი კაჭარავა, რეჟისორი: “არველაძე რომ საერთოდ რაიმე ქართულზე ხმას ამოიღებს, აი ესაა სირცხვილი! ჯერ მარტო კინოსტუდია “ქართული ფილმის” განადგურებაში რაც მან წვლილი ითამაშა და ახლა რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორების მცდელობას მოღალატეობას ეძახის? რატომ? არ ვიცი, ზოგიერთი ქართველი რამ დააშტერა, რომ ვერ ხედავენ, რას “გვიჩალიჩებდა” ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულიად საქართველოს!
რამაზ იოსელიანი, მსახიობი: “არველაძე ჩემთვის არა საინტერესო ადამიანია და სურვილიც არ მაქვს ვიკითხო ან ვუსმინო მის ბოდვებს… იდიოტი უნდა იყო, სტურუასთან თამაში რომ არ გინდოდეს.”
გიორგი ჯაჯანიძე, მსახიობი: “მე უკვე არავის აზრს აღარ ვითვალისწინებ, არც არავისი აღარ მჯერა. მივხვდი, რომ ყველა იტყუება, სერიოზული, ადამიანური კრიზისია საქართველოში. დღეს რაც უნდა თქვა, ხვალ აღარავის აინტერესებს. ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი სცენა მქონდეს, საკუთარი თავის რეჟისორი ვიქნები და მსახიობობასაც შევძლებ. ხან ტრაგიკულ როლს შევასრულებ, ხან _ კომიკურს, ხანდახან მასხარაც ვიქნები და ასე დაველოდები სიკვდილს. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერს მივხვდი და განვთავისუფლდი. ამჯერად ვცხოვრობ ერთი გამოთქმის მიხედვით _ ,, გიყვარდეს სიცოცხლე, გახსოვდეს სიკვდილი”. ხვალ რა იქნება, არ ვიცი. მთავარ როლს თუ შემომთავაზებს, დავთანხმდები, ეპიზოდზე _ არა. რობერტ სტურუას როგორც რეჟისორს პატივს ვცემ, პირადად არ ვიცნობ.”
ზურა ბერიკაშვილი, მსახიობი: “გიორგი არველაძის განცხადებები ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება შემოთავაზებას, თუ საინტერესო როლი იქნებოდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი რობერტ სტურუასთან მუშაობას.”
დათო ახლოური, პოეტი: _ პოლიტიკური განცხადებების შეფასებებზე ყოველთვის თავს ვიკავებ. მოსაწყენი და მომაბეზრებელი გახდა ურთიერთ ლანძღვა. სტურუას, როგორც პროფესიონალს თაყვანს ვცემ. ვინ სად დადგება, ეს ყველამ თავად იცის. ვისაც როგორ ესმის საქართველოს სიყვარული, ისე ემსახურება მას, რა უფლება მაქვს ამხელა პროფესიონალზე აუგი ვთქვა. რაც შეეხება შემოთავაზებას, მე მსახიობი არ ვარ და არც როლს შემომთავაზებს.
_ თქვენი ლექსების გაცოცხლება რომ შემოგთავაზოთ სცენაზე, დათანხმდებით თანამშრომლობას, თუ გაითვალისწინებთ საზოგადოების ერთი ნაწილის აზრს?
_ სიამოვნებით ვიმუშავებდი დიდი ადამიანების გვერდით. ასეთები ხომ ერთეულებია და ღვთის რჩეულები. პატრიოტობანას თამაშს საქმის კეთება ჯობია, იმ საქმის, რომელიც შენს ხალხს და შენს ქვეყანას სჭირდება. ესაა პატრიოტობაც და მამულის სიყვარულიც.