თუმცა, ორიოდე დღის წინ, ერთ მათგანს, 52 წლის მზია ღონღაძეს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს და თუ აქამდე გამუდმებით შინიდან გამოძევებით ემუქრებოდნენ, ახლა “უჩინარმა” ხელმა, სოციალური დახმარების შეჩერებით, საარსებო ლუკმა მოუსპო.
_ უკიდურეს გაჭირვებულთა შორის ყველაზე უარესი, ლიხაურში თუ ერთი ღატაკი არსებობს, მეორე მზია ღონღაძეა, _ ასე შეაფასა სოციალურმა აგენტმა, როგორც ქალბატონი მზია ამბობს, მისი ოჯახის ყოფა.
_ მე ვარ ქალი ლუკმისა და ჭერის გარეშე, _ გვიყვება მზია ღონღაძე, _ მიზანმიმართულად მიმიყვანეს აღსასრულის კართან.
მთელ ოზურგეთში გახმაურებულია სოფელ ლიხაურში, ყოფილი საყვავილე მეურნეობის ტერიტორიაზე 1955 წლიდან ჩამოსახლებული ოჯახის ისტორია. მიწის ის ნაწილი, რომელზეც მათი პატარა სახლი დგას, ყოველგვარი გაფრთხილებისა და რაიმე პირობის გაუთვალისწინებლად (კომპენსაციაზე ლაპარაკი ზედმეტია), ჰექტრობით მიწის ფართობთან ერთად, მიიზომეს წარსულში ოზურგეთის ყოფილმა გამგებელმა ვასილ ტუღუშმა და ასევე ყოფილმა მაღალჩინოსანმა ავთო ღლონტმა. ღონღაძემ იჩივლა, თუმცა, შვიდჯერ გადადებულ სასამართლოს ამ ოჯახის სასარგებლო განაჩენი მაინც არ გამოუტანია.
_ ქმარი ჩემი სახლიდან გამომსახლებლების ერთ-ერთი მოვარდნის შემდეგ გარდამეცვალა, ახლა კი სოციალური დახმარება მთავრობამ მომიხსნა. არანაირი გზა აღარ დამრჩა, გარდა სიკვდილამდე ამ ორი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისა, _ ამბობს მზია ღონღაძე.
მისი საოჯახო გარემო უბადრუკად გამოიყურება _ ჰყავს ერთი პატარა ხბო და ექვსი ქათამი.
_ შეშის ღუმელით ვსარგებლობ, გაზის მილი ჭიშკართან გადის, თუმცა, სასაცილოა შიგ შემოყვანაზე ფიქრი. მარტამდე კი ვიღებდი დახმარებას. თებერვალში მოსულმა აგენტმა, აქ რომ შემოიხედა, თქვა, გაჭირვებულთა შორის უკანასკნელი ხარო. მერე რა დაწერა და საიდან მიიღეს 64 850 ქულა, ჩემთვის გამოცანაა. მოდით, ნახეთ, მირჩიეთ რამე, ვის მივადგე და სად წავიდე? რომ არა ჩვენი მეზობელი ზური კეჭაყმაძე, შიმშილით მკვდარი ვიქნებოდით, _ გვიამბობს ქალბატონი მზია და იხსენებს ერთ ფაქტს, როცა მასთან ოჯახში აგენტი იმყოფებოდა _ თურმე, მათ ეზოსთან, მიმდებარე მინდორზე ნახირი ძოვდა. უკითხავს, ეს ძროხები შენი არ არისო? _ ალბათ, რაღაც ჩაწერა დეკლარაციაშიო, _ ფიქრობს მზია ღონღაძე, რომლის 23 წლის ვაჟი ლერი ღონღაძე არ მუშაობს _ ორჯერ აქვს გადატანილი უმძიმესი ოპერაცია. როგორც ქალბატონი მზია ამბობს, მას კუჭი გაუსკდა.
დედა-შვილი აქამდე 54-ლარიანი სოციალური დახმარების იმედად იყვნენ: _ ჩემი შვილი ჰერკულესის ფაფის მეტს ვერაფერს ჭამს. იმ 54 ლარს, რაღაცნაირად ვკმარობდი პურისა და ფაფის ფულად. ახლა რა ვქნა? _ გაუსაძლისია ამ ქალბატონის მოთქმა, რომელიც ჩვენი ადგილზე მისვლის განმავლობაში ტიროდა და შველას გვთხოვდა. ლერი ღონღაძე, ჯერჯერობით, მწოლიარე მდგომარეობაშია, რადგან ახალნაოპერაციევია. ჩვენი იქ ყოფნისას ზური კეჭაყმაძეს გამოჩნდა და ცელოფანის პარკით სურსათი გადასცა ქალბატონ მზიას.
_ ასე გვიწვდის ხელს, ზეთს, ბურღულს თუ პურს გვჩუქნის, მაგრამ სანამ ვიქნები მის იმედად? ახალ ხელისუფლებას მივაკითხე. ჩვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ძალიან გულთბილად შემხვდა, აქამდე რატომ არ გამაგებინე ეს ყველაფერი, აუცილებლად დაგეხმარებიო. იქნებ, შინიდან არ გამომაგდონ. დეპუტატი რომ შეისწავლიდეს ამ საკითხს, ნახავს და გაიგებს ჩვენებური მონათმფლობელობის დაუჯერებელ ამბავს, _ ამბობს მზია ღონღაძე.
კითხვაზე, წაიკითხა თუ არა აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის ბოლო ფურცელი, რომლის არსებობის შესახებაც სოციალურად დაუცველებმა არაფერი იციან და რომელსაც თვით აგენტი ავსებს, აღმოჩნდა, რომ მზია ღონღაძემაც არაფერი იცის ამის შესახებ.
_ ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენი ჩაწერილია შიგ ყველაფერი და კომპიუტერი იმის მიხედვით წერსო. რა დაწერა მაგათ დაუკითხავად მაგ კომპიუტერმა, გამაგებინეთ! _ კვლავ ტირილით ასრულებს ქალბატონი მზია საკუთარ გასაჭირზე თხრობას.
მის გვერდით მცხოვრები ჟენრო ლაცაბიძე პენსიის ამარა ცხოვრობს და ისიც შინიდან გამოსახლების მოლოდინშია.
_ რომელი მოასწრებს ჩემს წაყვანას _ სიკვდილი თუ მაგენი, არ ვიცი, მარა ღმერთი დიდია, ისეთი ცოდვაა ჩვენ წინაშე ჩადენილი, ვერ გაიხარებენ, _ ამბობს მოხუცი.
ჯერჯერობით, ორივე ქალბატონი უმძიმესი პრობლემის წინაშე დგას და ერთმანეთს რის ვაი-ვაგლახით ამაგრებენ.
ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში, ჯერ აღნიშნული საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, მერე ტელეფონი გაგვითიშეს, მოგვიანებით კი კი ასეთი გულგრილი პასუხი გაგვცეს:
_ თქვენ არა, თვითონ შეუძლია მოქალაქეს, რომ მოვიდეს აქ, სააგენტოში და გაარკვიოს, რატომ მოეხსნა დახმარება. მოქალაქეს აქვს უფლება, არათუ აქ, ყველა ზემდგომ ინსტანციას მიმართოს, რამდენად სამართლიანად მოეხსნა დახმარება.
_ თქვენ ვინ ბრძანდებით, სოციალური აგენტი?
_ ირაკლი სირაძე.
_ თქვენ იყავით ლიხაურში, მზია ღონღაძის ოჯახში?
_ არა, ბატონო, ლიხაურში ერთი წელია, არ ვყოფილვარ… კარგად ბრძანდებოდეთ, მეტს ვერაფერს გიპასუხებთ.
მართლაც რომ კომენტარი ზედმეტია. აგენტი, რომელიც ცდილობს, როგორმე თავი აარიდოს ნებისმიერ კითხვას და ყურმილს გითიშავს, არის კი ღირსი, სახელმწიფო სამსახურში იდგეს და სოლიდურ ხელფასს იღებდეს? ეს კითხვა ისევე აქტუალურია დღეს ქვეყანაში, როგორც თვით სოციალურად დაუცველთა პრობლემა.