ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ყოფილ პატიმართა და პატიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გამოფენა დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა მოინახულა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ცალ-ცალკე ეს ნამუშევრები საპატიმროებში ჰქონდა ნანახი, მაგრამ ერთად გამოფენილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, გარდა ამისა მინისტრის თქმით მისასალმებელია ის გარემოებაც, რომ ამნისტიის შედეგად განთავისუფლებული პატიმრები თავად წარმოადგენენ ნამუშევრებს და მეგზურობას უწევენ დამთვალიერებლებს. სუბარმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პატიმართა რესოციალიზაცია სამინისტროს მნიშვნელოვანი ამოცანაა.
სალომე აბულაძე, პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდის თავმჯდომარე: “ჩვენ გვინდოდა დღევანდელი გამოფენით საზოგადოებას პატიმრები დაენახა არა კრიმინალის კუთხით, არამედ როგორც საზოგადოების ნაწილი, ამ ნამუშევრებით ჩაეხედათ მათ სულებში. გარდა ამისა დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თითოეული თეთრი გადაირიცხება პატიმრების ანგარიშზე. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 10 პატიმარი, მათგან ერთი მამაკაცია. აქ მოსულ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს 200 ნამუშევრი და რა თქმა უნდა შეიძინოს კიდეც. მინდა აღვნიშნო, რომ ამ 10 პატიმრიდან 4 უკვე თავისუფალია და თავად წარმოადგენს საკუთარ ნამუშევრებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბისერებით ნამუშევრები შესრულებულია უვადო პატიმრების მიერ. გამოფენა კიდევ ერთი დღე გაგრძელდება და იმედი მაქვს დამთვალიერებელი და მყიდველი ხვალაც გვეწვევა.”