შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაევის ოლქის საოლქო საბჭოს თავჯდომარე იგორ დიატლოვი, ქალაქების – ნიკოლაევისა და პერვამაისკის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე ნიკოლაევის ოლქში მოღვაწე ბიზნესმენები (მათ შორის, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსხვილი იმპორტიორები) და უკრაინული მედიის წარმომადგენლები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნეს.
შეხვედრაზე ნიკოლაევის საოლქო საბჭოს თავჯდომარე იგორ დიატლოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში ეს მათი პირველი, გაცნობითი სახის ვიზიტი იყო. მან შინაგან საქმეთა მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს მაღალი დონის შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. მან სურვილი გამოთქვა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა დანაშაულთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება უკრაინელ კოლეგებს გაუზიარონ და უკრაინაშიც გატარდეს მსგავსი რეფორმები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარდა და დღემდე მიმდინარეობს.
სამინისტროში ვიზიტის დასარულს, დელეგაცია თბილისის პოლიციის ერთ-ერთი რაიონულ განყოფილებას ესტუმრა.