მაგალითად, კომპანია “სოკარმა” ზუგდიდში გაზიფიცირება თითქმის დაასრულა, მაგრამ მოსახლეობას გაზის სახლში უსახსრობის გამო ვერ შეჰყავს.
“სოკარმა”, დაახლოებით ორი თვის წინ, ვალდებულება აიღო, თუ რეგიონში მცხოვრები პირი მიმართავს კომპანიის ადგილობრივ ოფისს, კომპანია ვალდებულებას იღებს, ერთი თვის ვადაში შეიყვანოს გაზი კონკრეტული პირის საცხოვრებელ სახლში, განმცხადებელი პირი კი ყოველთვიურად, განვადების სახით, 25 ლარს გადაიხდის ამ მომსახურების საფასურის სრულ დაფარვამდე. თუმცა, “სოკარის” ზუგდიდის ოფისში განცხადების შეტანისას, მოქალაქეს განუცხადეს, რომ ასეთი რამე მათთვის ცნობილი არ არის და “სოკარი” ასეთ მომსახურებას არ ახორციელებს.
“გურია ნიუსთან” საუბარში კახი კალაძე ამბობს, რომ ეს პრობლემა მოხსნილია. შემუშავებულია წინადადება, რომელიც მისაღებია იმ ადამიანებისთვის ვისაც სურვილი აქვს გაზის მილი შეიყვანოს განვადებით, შეუძლია თვეში 25 ლარის გადახდით დაფაროს შეყვანის ხარჯები.
“ეს საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ვიცით რეგიონებში დასავლეთში დიდი ეზო უყვარს ხალხს და რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტია ეზოს ფართობი, მით უფრო დიდი მილია შესაყვანი და შესაბამისად, დიდი გადასახადი. ამ მიმართულებით შემუშავებული იქნა წინადადება. ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება მოხდეს ჩართვა, შეღავათი რომ გავუწიოთ, რადგან არ აქვს საშუალება 600 ლარი გადაიხადოს გაზიფიცირებისთვის, ერთჯერადი გადახდა არ მოუწევს – პირველი შენატანი იქნება 25 ლარი, შემდეგ ყოველ თვე 25 ლარია გადასახადი. იმისთვის, რომ შეღავათი ჰქონდეს მოსახლეობას, ეს თანხა რამდენიმე წელზე იქნება გაწერილი.
მე ვფიქრობ, ეს მისაღები უნდა იყოს იმ ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს გაზის მილი შეიყვანოს და პრობლემა არ ჰქონდეს გაზიფიცირებასთან დაკავშირებით,” _ განაცხადა მინისტრმა.
“გურია ნიუსი” კომპანია “სოკარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს თემურ გაჯიევს დაუკავშირდა, რომლის თქმით, “სემეკის დადგენილებით, დაახლოებით ორი თვეა, მოსახლეობაში გაზი განვადებით შეგვყავს. მაგალითად, ერთი წერტილის შეყვანა პირობითად 600 ლარამდე ჯდება. იმისთვის, რომ მთლიანი თანხა არ გადაიხადოთ, შეგიძლიათ ყოველთვიურად 25 ლარი გადაიხადოთ, რომელიც 24 თვეზეა გაწერილი.”
როდესაც გაჯიევს “სოკარის” ზუგდიდის ოფისის მიერ ჩვენთვის გაცემული პასუხი გავაცანით, გვითხრა, რომ ამ ინფორმაციას აუცილებლად გადაამოწმებდა.
მოგვიანებით, კვლავ დავუკავშირდით თემურ გაჯიევს, რომელიც, მისივე თქმით, უკვე ესაუბრა ზუგდიდში ოფისის ხელმძღვანელს ლევან ჭანიას: “მითხრა, “ჩვენ არ ვაკეთებთ”, ან “არ ვაპირებთ” _ ამას არავინ იტყოდა. შეიძლება უთხრეს დროებით არ მივიღებთ, რადგან მე დავალებული მაქვს ჩემებისთვის, რომ ამ ეტაპზე, ანუ ეს პერიოდი, რადგან ბევრი განცხადებაა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, დროებით შეაჩერონ განცხადების მიღება. ეს მხოლოდ დროებით, რამდენიმე კვირაში ისევ დავიწყებთ განცხადების მიღებას.”
გაჯიევის განმარტებით, “უფლება არ აქვთ განცხადება არ მიიღონ. იმ კოლექტივში შეიძლება არის ვიღაც, ვისაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. შეიძლება ასეთი რამე ყველგან მოხდეს.”