“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია – უზრუნველყოს პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება და არ დაუშვას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველია “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, აგრეთვე, ამავე კანონის მე-8 მუხლის „ღ” და „ძ” ქვეპუნქტები – პოლიციის ძირითადი ამოცანა და მოვალეობაა: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება, აგრეთვე მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა.
ასევე, აღნიშნული აქციის მონაწილეებს შევახსენებთ, რომ მათ ეკრძალებათ:
ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერება;
დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.