როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2006-2013 წლებში არა ერთმა კერძო იურიდიულმა პირმა უსასყიდლოდ აჩუქა სახელმწიფოს საკუთარი კომპანიის წილები. ზოგ შემთხვევაში საკუთრების გადაცემა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს პროცესის გამჭვირვალობისა და კომპანიის მფლობელებზე შესაძლო სახელმწიფო ზეწოლის კუთხით. არსებული დოკუმენტების ჩამონათვალს და მცირე ანალიზი კი ასეთია:
- 10.09.2006 – შპს “ბორჯომის სავაჭრო ცენტრი-2005″ – წილის 100% (ღირებულება 201 790 ლარი)
2007 წლის სექტემბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს “ბორჯომის სავაჭრო ცენტრი” აუქციონზე გაიტანა გასაყიდად, სადაც მის საწყის ფასად 190 000 აშშ დოლარი განისაზღვრა. საბოლოოდ, შპს “ველაჯიომ” ობიექტი 200 000 დოლარად იყიდა.
- 08.07.2010 – საფეხბურთო კლუბი “კოლხეთი” – წილის 50% (ღირებულება 100 ლარი)
საჯარო რეესტრის 2010 წლის 18 თებერვლის ამონაწერის მიხედვით საფეხბურთო კლუბ “კოლხეთის” წილის 50%-ის მფლობელი იყო თვითმმართველი ქალაქი ფოთი, 50%-ის – თეიმურაზ ბარქაია. 2011 წლის 23 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით შპს “საფეხბურთო კლუბი კოლხეთი”-ის წილის 100% გადაეცა ქ. ფოთის თვითმმართველ ერთეულს “როგორც დამატებითი ქონება”.
- 10.08.2010 – შპს “დემეტრე 96″ – წილის 100% (ღირებულება 1 200 000 ლარი)
შპს “დემეტრე 96” შეიქმნა 2007 წლის 12 სექტემბერს, ერთი მხრივ სს “ისანი ქართუსა” (წილის 32%-ის მფლობელი) და მეორე მხრივ სს “ქართუ ჯგუფის” (წილის 68%-ის მფლობელი) მიერ. კომპანიის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 265 000 ლარით. 2007 წლის 15 ოქტომბერს კომპანიის ორივე დამფუძნებელმა თავისი წილები ნასყიდობის გზით დაუთმო თათა ვარდანაშვილს. სს “ისანი ქართუ”-ს მფლობელობაში არსებული 32% შეფასდა 85 000 ლარად, ხოლო სს “ქართუ ჯგუფის” კუთვნილი 68% – 181 ლარად. სულ “დემეტრე 96”-ის წილის 100% თათა ვარდანაშვილმა შეიძინა 266 000 ლარად.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის განკარგულებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის შპს ,,დემეტრე 96″-ს გამოეყო სესხი 1 350 000 ლარის ოდენობით, 7 წლის ვადით, 2 წლის საშეღავათო პერიოდით, წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.
2010 წლის 26 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „დემეტრე 96“-ის წილის 100% გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. 2011 წლის 7 აპრილს თავდაცვის მინისტრმა შპს “დემეტრე 96”-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“. თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის ბრძანებით შპს „დემეტრე 96“-ის წილის 100% მართვის უფლებით გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ხოლო 2013 წლის 26 აპრილს შპს “დემეტრე 96” კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ე.წ. “შავ სიაში” შეიყვანა.
- 10.05.2011 – შპს “მ და ბ” – წილის 51% (ღირებულება 300 ლარი)
2011 წლის იანვარში შპს “მ და ბ”-ს დირექტორი შაქრო მიროტაძე დააკავეს დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტზე. 2011 წლის 10 მაისს სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა შპს „მ და ბ“-ს წილის 51%, რომელიც 300 ლარად იყო შეფასებული. ბესიკ კალანდაძემ თავისი 35%, გია გურგენიძემ 10%, გია ღოღობერიძემ 22,5-დან 6% დაუთმეს სახელმწიფოს, რის შემდეგაც კომპანიის პარტნიორები შემდეგნაირად განაწილდა: 51% – სახელმწიფო, 22% – დავით ბერაძე, 16.5% – გიორგი ღოღობერიძე და თებროლე გობეჯიშვილი – 10%.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 18 მაისის ბრძანების საფუძველზე შპს „მ და ბ“-ს წილის 51% დარეგისტრირდა თვითმმართველ ქალაქ რუსთავის საკუთრებაში. საინტერესოა, რომ 2011 წლის 16 სექტემბერს შპს „მობილ გაზის“ 100% წილის მფლობელმა და ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა დავით ბერაძემ მიიღო გადაწყვეტილება ქ. რუსთავის თვითმმართველობისგან შეისყიდოს 51% წილი შპს „მ და ბ“-ს კაპიტალში. აღსანიშნავია, რომ თავად შპს „მობილ გაზი“ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სულ რაღაც ორი დღით ადრე, 2011 წლის 14 სექტემბერს, საწყისი კაპიტალით 10 ლარით. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 ნოემბრის განკარგულებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული შპს “მ და ბ”-ს წილის 51% პირდაპირი მიყიდვის ფორმით 150 000 ლარად გადაეცა შპს „მობილ გაზს“.
2012 წლის 30 აპრილს გია გეწაძემ და ლაშა ლეჟავამ შეიძინეს შპს “მობილ გაზის” წილის 10-10%, ერთ ლარად.
საინტერესოა, რომ 2012 წლის 2 აპრილს ლაშა ლეჟავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ 15 000 ლარის არაფულადი შემოწირულება განახორცილა. გარდა შპს „მობილ გაზისა“ იგი შემდეგი კომპანიების პარტნიორად არის რეგისტრირებული: შპს L&V, შპს იმმო ჯგუფი, შპს ჯეობეთი და შპს სამწვადე №1. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოწირულობის განხორციელების დროს ლაშა ლეჟავა ჯერ არ იყო შპს “მობილ გაზის” წილის 10%-ის მფლობელი.
ეს გახლავთ მხოლოდ მცირე ჩამონათვალი ინსტიტუტის მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან.