შეხვედრას, ასევე, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზაცია OECD-თან თანამშრომლობის გაღრმავებასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური სფეროს კონკურენტუნარიანობის ამაღლებასაც შეეხო. სწორედ ამ მიზნით, პოლონეთის ელჩმა OECD-ში პაველ ვიოჩეხოვსკიმ დავით ნარმანია და ეკონომიკური დარგის სხვა ქართველი მინისტრები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრები 27-28 ივნისს ვარშავაში დაგეგმილ “OECD”-ის ევრაზიის მინისტერიალზე მიიწვია. მინისტრები, ასევე, მიწვეულ იქნენ OECD-ის მრგვალ მაგიდაზეც, რომელიც პარიზში მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტულ ეკონომიკურ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს.
როგორც შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ განაცხადა, ეს პროგრამა სპეციალურად აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის არის გათვალისწინებული.
“მის ფარგლებში ჩვენ შეგვეძლება, მივიღოთ ძალიან კვალიფიციური გამოცდილება OECD-ის წევრი ქვეყნებისგან ცალკეული სექტორების განვითარებასთან და ამ სექტორების გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დაგეგმილია ვარშავაში ფორუმი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმზე საუბარი იქნება კონკრეტულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და, გარდა ამისა, სპეციალურ დეკლარაციას მოეწერება ხელი”, – განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა.
“დღევანდელ შეხვედრაზე ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს კონკურენტუნარიანობის შესახებ ვიმსჯელეთ. ჩვენ ვგეგმავთ, შევთავაზოთ საქართველოს ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა ევრაზიის ქვეყნებს შორის. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პოლონეთის ელჩმა OECD-ში პაველ ვიოჩეხოვსკიმ.