“ბატონი ალავიძე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა 2011 წლის 22 თებერვლიდან, ხოლო მანამდე 2009-2010 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ორივე თანამდებობაზე იგი კონსტიტუციისა და კანონის უხეში დარღვევით იქნა გამწესებული.
ბესარიონ ალავიძის შემთხვევა წარმოადგენს პირადად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის უხეშ დარღვევას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რომელსაც ბატონი კუბლაშვილი ხელძღვანელობს, იგი არ შეიძლებოდა გამწესებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. ასევე საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის უხეში დარღვევით იქნა მისი კანდიდატურა წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტისა და შემდგომ საქართველოს პარლამენტისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად”.
განცხადების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ ბესარიონ ალავიძეს არა აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, რომელიც წარმოადგენს მოსამართლედ გამწესების აუცილებელ წინაპირობას. აღნიშნული ფაქტი ცალსახად დადასტურდა ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის 2010 წლის 9 დეკემბრის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2011 წლის 15 მარტის წერილებით.
მიუხედავად ამისა, ბესარიონ ალავიძე ამ ფაქტის გამოვლენის შემდგომაც აგრძელებს თავისი სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელებასა და კონკრეტულ საქმეთა განხილვას, რაზედაც დღემდე არავითარი რეაგირება არ მომხდარა.
“ბატონ ბესარიონ ალავიძეს არ ჰქონდა არც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების და არც მოსამართლედ გამწესების უფლებამოსილება, რადგან ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტის სამწლიანი კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით არ იძლეოდა იურისტის კვალიფიკაციას” _ წერს ადვოკატი.
ბესარიონ ალავიძის უმაღლესი იურიდიული განათლების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება მთავარ პროკურატურაში.
“კანონის უხეში დარღვევით, იგი დღემდე განაგრძობს უზენაეს სასამართლოში საქმეთა განხილვას. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ დებულებაზე: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში”. _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას თან ერთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ქალბატონ რუსუდან სანადირაძის მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისათვის გაგზავნილი 2013 წლის 28 თებერვლის წერილი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბესარიონ ალავიძემ გაიარა ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების სამწლიანი კურსი, მას არ მინიჭებია იურისტის კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული დიპლომი არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
“მიუხედავად იმისა, რომ გამოვლენილია საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის აშკარა ფაქტი, დღემდე მასზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია არავითარ რეაგირებას. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი აშკარად მფარველობს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს და ცდილობს ამ ფაქტის დაფარვას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მხრიდან ადგილი ექნებოდა ამ ფაქტზე რეაგირებას და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ნაცვლად ამისა, იგი შეეცადა, უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის მეშვეობით, საზოგადოებისათვის მიეწოდებინა დეზინფორმაცია, თითქოს მე ბესარიონ ალავიძის მიმართ გავაყალბე მტკიცებულებები, რათა საზოგადოების ყურადღება გადმოეტანა ჩემზე და ამით გადაეფარა მათ მიერ ჩადენილი უხეში სამართალდარღვევა. ეტყობა ბატონი კუბლაშვილი ვერ აცნობიერებს იმ დემოკრატიულ ცვლილებებს, რომელიც მიმდინარეობს 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ და განაგრძობს იმავე სტილში საქმიანობას, როდესაც კანონზე მაღლა აყენებდა თავს და იცოდა, რომ ამისათვის პასუხი არ მოეთხოვებოდა.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ყურადღებით შეისწავლოთ წერილში მოყვანილი ფაქტები და დროულად აღკვეთოთ უხეში სამართალდარღვევები, რაც გამოიხატება არაუფლებამოსილი პირების მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებასა და კონკრეტულ საქმეთა განხილვაში. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს მოსამართლის თანამდებობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით გამწესებულმა მოსამართლემ”. _ ნათქვამია განცხადებაში რომლითაც ადვოკატმა ალადაშვილმა პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს მიმართა.
მოსამართლეთა კორპუსში უდიპლომო მოსამართლების არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია “გურია ნიუსმა” რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. პროკურატურამ მოსამართლეების ალავიძისა და გიგაურის საქმეების შესწავლაც დაიწყო, თუმცა გამოძიება კონკრეტულ დასკვნამდე ამ დრომდე არ მისულა.