დამკვირვებლებმა სხვა ხარვეზებთან ერთად სამი უფრო მეტად მნიშვნელოვანი დარღვევა გამოავლინეს. კერძოდ, მე-16 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სია კანონიერად არ იყო შედგენილი, რის გამოც ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ვერ შეძლეს; 41-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ყუთის წამღებ კომისიის წევრებს საჭიროზე მეტი ბიულეტენი გაატანა; რაც შეეხება 38-ე უბანს, მას ორგანიზაცია “ახალი თაობა _ დემოკრატიული არჩევნების” სახელით დაკვირვებას ხონის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე ახორციელებდა, რომელიც აკაკი ბობოხიძის ძმაა.
გარდა ამისა, სამტრედიის ოლქის სოფელ დაბლა გომის #29 უბანზე, კომისიის მდივანს რეგისტრატორის მაგიდაზე სააგიტაციო მასალა ეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის მითითების შემდეგ, კომისიის წევრებმა მასალა დამალეს, ხოლო განმეორებითი შენიშვნის შემდეგ გადაყარეს.
“საიას” განცხადებით, აღნიშნული დარღვევები არჩევნების მიმდინარეობასა და შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს და შეიძლება ითქვას, რომ შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.