_ ქალაქის ტერიტორიაზე გვაქვს ჩვენი ხედვა განაშენიანებისთვის. იცით საერთოდ ამ ქალაქში რა და როგორ გაკეთდა? თუნდაც იმ პსპ-ს უკანონო მშენებლობა ავიღოთ, თუნდაც ის, ბეგია სიორიძის მაღაზიები რომაა უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე და ათასი რამ. დამახინჯებულია ქალაქი. როცა ახლა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩამობრძანდება თავის რეზიდენციაში, მე უკვე დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები, რომ შემოვა ოზურგეთში და მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს. იმ ადამიანებს, ვისაც არასწორად აქვთ გაკეთებული უკანონო მშენებლობები, მოუწევთ დემონტაჟი ამ ყველაფრისა, თუმცა მათ ჩვენ კომპენსაციებს გადავუხდით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს ქალაქი, რომელიც სიმახინჯის ქალაქად აქციეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უკანონო ნებართვებით გაკეთებული მშენებლობები, ერთი და ორი კაცის არ არის ეს ოზურგეთი. ქალაქი არის მოსაწესრიგებელი, მანქანებით ქუჩაში ვერ გაივლი.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენი ბეგი სიორიძე “გურია ნიუსთან” კომენტარს აკეთებს.
_მე ვიცნობ ბატონ კოტე შარაშენიძეს, და არა მგონია გამგებელს ასეთი არასერიოზული განცხადება გაეკეთებინა და თუ მან ასეთი განცხადება მართლაც გააკეთა, მაშინ ეს შეიძლება მივიჩნიო და აღვიქვა კერძო ბიზნესზე ზეწოლის ფაქტად. არასერიოზულად იმიტომ მივიჩნევ, რომ ეგ არის გამგებელი და თავისი სამსახურები იძლეოდნენ მშენებლობის ნებართვებს და ამტკიცებდნენ პროექტებს, შეუძლია ამოიღოს, ნახოს, რომ არცერთი მილიმეტრი დარღვევა არ არის არცერთი კუთხით, დაწყებული დამტკიცებიდან, მშენებლობის ნებართვით დამთავრებული.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ბეგი სიორიძეს ასე უკანონოდ რომ ჰქონოდა აშენებული და უკანონოდ ეკეთებინა თავისი ბიზნესი, “ნაციონალები“ ტყავს გახდიდნენ და კოცონზე შეწვავდნენ ცოცხლად, _ განაცხადა ბეგი სიორიძემ.