მისივე განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა, პრაქტიკულად, უარს ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე.
“საბოტაჟის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთსაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი”. _ განაცხადა მურღულიამ.
მისივე განცხადებით, მარტის თვეში მომხდარ სტიქიაზე არცერთ გუბერნატორს არ დაურეკავს და არცერთი განცხადება არ შემოსულა მათ მიერ სამინისტროში. მანვე თქვა, რომ გუბერნატორების უმეტესობა სამინისტროს ოპოზიციაში უდგას.
გარდა ამისა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში – 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუბერნატორებმა საკუთარ რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ათჯერ მიმართეს.
მიუხედავად ამ წერილებისა, გუბერნატორებმა არ იზრუნეს, რომ ეს და სხვა პრობლემები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით მოგვარებულიყო იმ წესის მიხედვით, რომელიც დადგენილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ისინი, ასევე, ანგარიშვალდებულნი არიან მთავრობისა და, რაც მთავარია, საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ამიტომაც, მოვუწოდებთ გუბერნატორებს, უარი თქვან ვიწრო პარტიულ ინტერესებზე, გამოვიდნენ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან და, ცრუ და ცილისმწამებლური ბრალდებების ნაცვლად, აკეთონ საქმე, რომელიც რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას წაადგება”. _ განაცხადა შოთა მურღულიამ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” კომენტარს გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი აკეთებს. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ სამი რეგიონის გუბერნატორს შორის, რომლებმაც სამინისტროს განცხადებით, პროექტები შეიტანეს, გურიის გუბერნატორიც იყო.
_ ბატონო ვალერი, რას გვეტყვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა უარს ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე…
_ მე ვფიქრობ რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება და მისი მიზანია მოხდეს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ინსტიტუტის დისკრედიტაცია. ხოლო სინამდვილეში, თუ საქმის არსი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მხარისთვის მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და არის კომუნიკაცია, როგორც წერილობითი სახით, ასევე სატელეფონო კავშირებით და პირადი შეხვედრებით.
უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენს მიერ არაერთხელ იქნა გაგზავნილი წერილი სამინისტროში, რომელშიც ვატყობინებდით მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ სხვადასხვა გადაუდებელ პრობლემებზე, რომელიც აუცილებლად საჭიროებდა რეაგირებას. ასევე მთავრობის მიერ დადგენილი წესის მიხედვით გაიგზავნა საპროექტო წინადადება, რომელიც ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მიერ იყო მოწონებული, თუმცა არცერთ ამ წერილზე პასუხი არ მიგვიღია.
_მისივე თქმით, გუბერნატორებს სამინისტროსთვის არც მარტის თვეში საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს მიუმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალმა 10-ზე მეტი თვითმმართველობა დააზარალა. .. რას გვეტყვით თქვენს მიერ საბოტაჟის მცდელობაზე?
_ მარტის თვეში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ აღნიშნულის შესახებ იმავე დღეს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის მიერ მოხდა დაკავშირება სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან, რომელსაც დეტალურად ეცნობა სამივე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ, რაც ასევე გადაეცა ელექტრონული სახითაც. მიუხედავად ჩვენი თანამშრომლობის სურვილისა, სტიქიის საკითხებზე ჩამოსულმა სამინისტროს წარმომადგენლებმა და სხვა ოფიციალურ პირებმა აღნიშნული საკითხების ჩვენთან განხილვა არ მოისურვეს.
ხოლო რაც შეეხება საბოტაჟს, უმჯობესია საბოტაჟზე საუბარსა და მტრის ხატის ძიებაზე მეტი დრო მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას დაეთმოს”, – განაცხადა ჩიტაიშვილმა.