„საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე „ლაბორატორია 1918“- ის მიერ მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური აქციის მიმდინარეობისას, მომიტინგეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის შეხლა-შემოხლასთან დაკავშირებით, რასაც მანიფესტანტების, მათ შორის, რამდენიმე ჟურნალისტის დაკავება მოჰყვა.
გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით, შეიძლება, ითქვას, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ, გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა ჟურნალისტებისთვის მიმდინარე პროცესების გადაღებაში ხელშეშლა და შეფერხება. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის შეუფერხებელი გახორციელება. მით უფრო, დაუშვებელია მათთვის რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა.
აქვე დასადგენი და შესაფასებელია სამართალდამცავთა მხრიდან, აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალისა და ღონისძიებების პროპორციულობისა და აუცილებლობის საკითხი. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აგრძელებენ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი გააკეთებს საჯარო განცხადებას, მომხდარის სამართლებრივი შეფასების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე დააკვირდებიან ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც დაკავებული მანიფესტანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს”.