ამის მთავარი და უკვე ჩვეული შემოქმედი ისევ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი უკლება იყო. მისი განცხადებით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი რეორგანიზაციის სქემა სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა იმისა, რომ ქუთაისის მერიაში ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წევრი აღარ დარჩეს.
“19 აპრილის აქციის წინა დღეებში, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით დადიოდნენ ადამიანები, რომელთაც იმ დროს თითქოს სპეცსამსახურები ჩაანაცვლეს. აშინებდნენ ხალხს, არ წასულიყვნენ აქციაზე. პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ჩატარდება ატესტაციები, გაგყრიან სამსახურებიდან და ვერავინ გიშველითო _ პირდაპირი სახის ტერორი ხორციელდებოდა. რეორგანიზაციის ნამდვილი მიზანი ის არის რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი არ დარჩეს თვითმმართველობაში,” _ განაცხადა გიორგი უკლებამ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
ამ განცხადებას აბსურდულს და სრულიად უაზროს უწოდებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო კაჭკაჭიშვილი. ის გია უკლებას წარსულს ახსენებს, როცა საკრებულოს წევრს, სამხარეოსა და მერიაში გახორციელებული რეორგანიზაციის შედეგად დათხოვნილი ასობით ადამიანის გაშვება არასდროს გაუპროტესტებია: “სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება საკრებულოზე პასუხი გამეცა უკლებასთვის. კარგია, რომ საჯაროდ არ მომიხდა მის აბსურდულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა. ეს არის უაზრო განცხადება _ ჯერ არანაირ შემცირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, პრაქტიკა იყო ასეთი _ როცა 2007 წელს 300 კაცი წავიდა მერიიდან, ბატონი გია იყო პარლამენტის წევრი და მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია ამ ფაქტზე. ასევე 2-3 წლის წინ, როდესაც, მაშინდელმა გუბერნატორმა 100-კაციანი შემცირება გამოაცხადა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაშინაც არანაირი რეაქცია არ ჰქონია ამ კაცს. ახლა კი არარსებულ შემცირებებთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს. მერიის რეორგანიზაციის შედეგად შესაძლოა მხოლოდ 50 კაცი გათავისუფლდეს. უკლება ამაზე ლაპარაკოს მაშინ, როცა 100 კაცის გათავისუფლებაზე ხმა არ ამოუღია,” _ აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ რომ რეორგანიზაციის გეგმა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ გააცნო, რომლის თანახმად რამდენიმე სამსახური გაერთიანდება. ამის საფუძველზეც შესაძლოა ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა შემცირების საკითხი დადგეს.