მინისტრის მტკიცებით, რაც უფრო მეტად გაიწელება მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელება, სააკაშვილი მით უფრო ძლიერ და ორგანიზებულ მოსამართლეებს მიიღებს,
“პრეზიდენტი მოაწერს ხელს თუ არ მოაწერს, გაასაჩივრებს თუ არ გაასაჩივრებს, რეალობა არის ერთი: სასამართლო რეფორმის ეს პირველი ეტაპი შევა ძალაში და კონფერენცია იქნება გარდაუვალი. მე ერთხელ პრეზიდენტს საჯაროდ მოვუწოდე, რადგან მან ვეტო დაადო ამ კანონს და მოსამართლეებს მეტი დრო მისცა თვითორგანიზებისთვის. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ თუ კიდევ უფრო მეტი დრო მიეცემათ ჩვეულებრივ მოსამართლეებს, ანუ მათ ვინც რეალურად ახორციელებს მართლმსაჯულებას, მე ამას პირიქით, მივესალმებოდი. ყველა დამატებითი დრო მუშაობს მოსამართლეების სასარგებლოდ. იქნება კანონი გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში, სააკაშვილი კონფერენციისთვის მიიღებს კიდევ უფრო ძლიერ და გაერთიანებულ მოსამართლეებს, ამიტომ მან გადაწყვიტოს თავისი სიმაღლიდან რა ჯობს. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ იმით თუ როგორ წარიმართა რეფორმის პირველი ეტაპი და ვგეგმავ ახალ ტალღას _ ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომლის ხელმძღვანელობასაც ამ დღეებში შევხვდები და დავგეგმავ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ნამდვილი სკოლა, სადაც მოსამართლეები გამოიბრძმედებიან და გახდებიან მიუკერძოებელნი მსახურები სიმართლისა,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების მუზეუმის გახსნისას.
წულუკიანის თქმით, მოსამართლეები “იძლევიან იმედის მომცემ სიგნალებს”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აირჩევენ ღირსეულ და დამოუკიდებელ წარმომადგენლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.