და აღნიშნავს, რომ უმცირესობა ყველანაირად შეეცადა უმრავლესობისთვის განემარტა კანონის სამომავლო შედეგები, რომელიც შეიძლება ქვეყნისთვის სავალალო აღმოჩნდეს. მისივე თქმით, უმრავლესობის წევრებს კანონპროექტში შესატანი ცვლილებები კარგად არ აქვთ წაკითხული და დეტალებში ვერ ერკვევიან.
“ფაქტი სახეზეა. ჩვენი მიზანი იყო, პირველ რიგში, მიგვეღო კითხვები, აქვს თუ არა გააზრებული, გაცნობიერებული ან საერთოდ წაკითხული ხელისუფლებას, კონკრეტულ დეპუტატებს ის კანონპროექტი, რომლის მიღებასაც გეგმავენ. ბატონმა გოგი თოფაძემ დღეს ახსენა, რომ, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის პოზიციისა, მათ აქვთ საკმარისი ხმები და მაინც მიიღებენ ამ კანონს. ჩვენი მიზანი იყო მათთვის აგვეხსნა და დეტალებში ჩამოგვეთვალა ყველა ის პრობლემა, რომელსაც ამ კანონის მიღება გამოიწვევს _ ჩაეყრება საფუძველი აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას; ეს კანონი გამოიწვევს იმას, რომ მხოლოდ ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ კი არ იქნებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ამ ორი საქართველოს ძირძველი კუთხის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას, მათ კიდევ შეემატებიან სხვა სახელმწიფოები. დევნილებს არასდროს ექნებათ საშუალება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. აი, ამ პასუხისმგებლობის გააზრებით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღევანდელმა განხილვამ გამოიღებს შედეგს, მინიმუმ, დაფიქრდებიან უმრავლესობის წევრები, წაიკითხავენ ამ კანონპროექტს. მაგალითად, ბატონ ქუცნაშვილს არ ჰქონდა წაკითხული _ ეგონა, რომ, თურმე, საქართველოს მოქალაქეებზეც ვრცელდებოდა ეს შეზღუდვები; მათ, ასევე, ეგონათ, რომ საქართველოს შიგნით საზღვარი კონტროლდება. ასეთი საზღვარი არ არსებობს და არ წერია კანონში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება მოეგება გონს და არ გადადგამს ამ სავალალო შედეგების მომტან ნაბიჯს,” _ განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა სესიის დასრულების შემდეგ.