თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიას მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლემდე პოლიცია და სპეცრაზმი იცავდა. გადაკეტილი იყო თავისუფლების მოედანთან მისასვლელი ყველა გზა, ლესელიძისა და პუშკინის ქუჩები. მეუფე იაკობი და რამდენიმე სასულიერო პირი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ შსს სამინისტროს წარმომადგენლებთან, თუმცა მოლაპარაკების დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, რადგან არც ერთ მხარეს მოლაპარაკების დეტალებზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მიუხედავად იმისა, რომ შსს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აქციის მონაწილე ორივე მხარის უფლებები იქნებოდა დაცული, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებულ აქცია, რომელიც 1 საათზე უნდა ჩატარებულიყო არ ჩატარდა _ რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მრევლმა გაარღვია პოლიციის მრავალრიცხოვანი კორდონი და თავისუფლების მოედანზე გაჩერებული ყვითელი ავტობუსებისკენ გაემართა. რამდენიმე წუთში, ავტობუსი დიდი სიჩქარით ლესელიძის ქუჩით გაუჩინარდა. სავარაუდოდ, ავტობუსში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებული აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.