_ ბატონო ლაშა, საპარლამენტო კომისიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, რომელიც 2012 წელს აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხება, აღნიშნულია, რომ თქვენ და ლევან ბეჟაშვილსა, გემსახურებოდათ ორი ავტომანქანა და თვეში, მინიმუმ 1000 ლიტრზე მეტ საწვავს ხარჯავდით. რაში გჭირდებოდათ ეს ყველაფერი? ასე იყო ნამდვილად, თუ საპარლამენტო კომისიას შეეშალა რამე?
_ ზუსტად მაგაზეა საუბარი, არ იყო აღრიცხვის სწორი სისტემა. როგორ შემეძლო მევლო ორი მანქანით? ორ მანქანაზე ნამდვილად ვერ დავჯდებოდი. აქ არის საუბარი საწვავის აღრიცხვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არც ეგ არის ის თემა, რომელიც შეიძლება გახდეს პრობლემატური. ზუსტად იმის გამო, რომ ეს საკითხები დაისვა და მეც ვნახე, რომ მორიგე მანქანებში არ იყო გადანაწილებული ზუსტად რაღაც, თუმცა ცალკეული დეპარტამენტის უფროსები დადიოდნენ და მიწერილი იყო ჩემზე ან სხვაზე, ამაზეა საუბარი. ახლა გადავედით ელექტრონულ ბარათებზე და ზუსტად აღირიცხება, რამდენ კილომეტრს გადის, როგორ აღირიცხება ბენზინი და ტალონებით არც გადანაწილება მოხდება და არც სხვაზე მიცემა. კონკრეტულ მანქანაზე კონკრეტულად იქნება განპირობებული საწვავი და თუ ეს საწვავი დარჩება, გადავა მეორე თვეზე, რითაც გაკეთდება ეკონომია. ამიტომ, კითხვის ნიშნები თავიდან ბოლომდე მოიხსნება და მორჩება ლაპარაკი იმაზე, რამდენი მანქანა მეყოლება და რამდენ ბენზინს დავწვავ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო კომისიის მიერ სხვა საკითხებთან ერთად, შესწავლილ იქნა აუდიტის სამსახურის კუთვნილ ავტომობილებზე 2012 წელს საავტომობილო საწვავის ხარჯვის მდგომარეობა. თანამდებობისა და ავტომობილის მარკის მიხედვით საწვავის ხარჯვაზე დაწესებული იყო ყოველთვიური ლიმიტი.
ავტომანქანები ემსახურებოდნენ: გენერალურ აუდიტორს, მის მოადგილეებს, აჭარისა და აფხაზეთის აუდიტის სამსახურების უფროსებსა და სხვა დეპარტამენტების უფროსებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა 33 ავტომანქანა, მათ შორის მუშა მდგომარეობაში – 23. გენერალურ აუდიტორს აპრილამდე ემსახურებოდა 1 ავტომანქანა, აპრილის შემდეგ კი – 2. იანვარ-მარტში ერთი ავტომანქანის საწვავის ლიმიტი ყოველთვიურად შეადგენდა 800 ლიტრს, ანუ სულ 2400 ლიტრს; აპრილ-ოქტომბერში 2 ავტომანქანის საწვავის ლიმიტი ყოველთვიურად შეადგენდა 800 და 500 ლიტრს, ანუ სულ 5600 და 3500 ლიტრს; ნოემბერში – 1100 და 600 ლიტრს, დეკემბერში კი 800 და 600 ლიტრს.
მოადგილეების (აპრილამდე 3 და შემდეგ თვეებში 4 მოადგილე) საწვავის ლიმიტი თითოეულის, ცალ-ცალკე შეადგენდა თვეში 600 ლიტრს. სულ, მოადგილეებს დახარჯული აქვთ – 27 000 ლიტრი საწვავი. მორიგე მანქანებისათვის დახარჯულია 35 610 ლიტრი საწვავი.
2012 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სულ დახარჯული აქვს 277 382 ლარის 136 010 ლიტრი საწვავი. კომისიის წევრების დასკვნით, საქმე გვაქვს საწვავის ლიმიტებისა და მომსახურე მანქანების არამართლზომიერად და ტენდენციურად განაწილების საკითხთან. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს ნოემბერ-დეკემბერში ემსახურებოდა მანქანა “ჰიუნდაი ელანტრა 1,8” – საწვავის ლიმიტი თვეში 500 ლიტრი, ხოლო ამავე დეპარტამენტის უფროსს აღნიშნულ თვეებში მანქანისათვის გამოყოფილი ჰქონდა 400 ლიტრი საწვავის ლიმიტი. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს ივნისში ემსახურებოდა 2 ავტომანქანა, საწვავის ლიმიტი 300-300 ლიტრი; ივლისშიც 2 ავტომანქანა საწვავის ლიმიტი 500-500 ლიტრი; აგვისტო-ოქტომბერში 1 ავტომანქანა, საწვავის ლიმიტი 500 ლიტრი; მაშინ როცა, სხვა დეპარტამენტების საწვავის ლიმიტი თვეში 300 ლიტრი იყო.
გაუგებარია მორიგე მანქანების ფუნქცია, ვის ემსახურება, რა დატვირთვა და ფუნქციები აქვთ მათ, როცა მორიგე მანქანებისათვის დახარჯულია 35 610 ლიტრი საწვავი.