დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რვა საკითხი განხილვა. ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო აქტუალურ თემას _ საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარებას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს და საჯარო მოხელეთათვის ატესტაციას ატარებს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კონკურსი სექტემბერში ჩატარდება.
_ საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბატონ ალეკო მამეშვილს შეუჩერდეს უფლებამოსილება და დავინიშნები ამ საატესტაციო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ. გათვალისწინებულია კომისიის შექმნა, რომელიც შერჩეული იქნება იმ პრინციპით, რომ მისი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე. ეს ძალიან სათუთი თემაა _ უნდა ვიყოთ მოზომილები. ვაკანსია გამოცხადდება ყველა საჯარო მოხელეზე _ ამ შენობაში შემოსვლის სურვილი ბევრს გააჩნია. იქნება საპრეტენზიო კომისია, კონკურსში მონაწილეებს შეეძლებათ გადაწყვეტილების გასაჩივრება. თავიდანვე მაქვს იმის შეგრძნება, რომ ალბათ, ყველა გადაწყვეტილება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა. ამიტომ უნდა ვიყოთ ჩვენი ადამიანობის, ჩვენი პრინციპების წინაშე პირნათელი. ვეცდებით, მაქსიმალურად სამართლიანად ჩავატაროთ კონკურსი, _ განაცხადა “გურია ნიუსთან“ საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ.
_ ბატონო ავთანდილ, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, თქვენ რას გადაწყვეტთ _ უნდა მიიღოს თუ არა კონკურსში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ, როგორც ამას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დიმიტრი კვერღელიძე აანონსებდა?
_ ვნახოთ, მე ერთპიროვნულად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს ამაზე. უნდა გამოცხადდეს თუ არა ვაკანსია გამგებლის კანდიდატურაზე, ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არაა. შეიძლება, არ გამოაცხადოს კომისიამ ვაკანსია ამ თანამდებობაზე. კომისიის შემადგენლობის აზრს გავითვალისწინებ. ვიქნებით საჯარო და ღია ამასთან დაკავშირებით.