გუნავას სასჯელის მოხდიდან წელიწადის და ექვსი თვის განმავლობაში თანამდებობების დაკავების უფლება ჩამოერთვა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და გუბერნატორის მხარდამჭერები. სწორედ ამიტომ დღეს, 13 ივლისს, საღამოს 5 საათზე, გუბერნიის შენობასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქცია სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ტარდება.
ჩვენ დავუკავშირდით საინიციატივო ჯგუფის წევრს, ანი წითლიძეს.
ანი წითლიძე: “ეს არის აქცია, სადაც გუნავას მეგობრები და უბრალო ახალგაზრდები გააპროტესტებენ გუნავას დაპატიმრების ფაქტს. მისი დაპატიმრება არის მიზანმიმართული პოლიტიკა, გუნავას დაკავება იყო წინასწარ გათვლილი _ საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელოში უნდა მოიშორონ ყველა, ვინც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა; ყველა, ვისაც პროდასავლური კურსი აქვს. გუნავა არის ქვეყნის პატრიოტი, რომელიც კბილებით იცავდა რეგიონს ოკუპანტებისგან. ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, აიყვანონ პირად კონტროლზე გუნავას საქმე. 2008 წელს თენგიზ გუნავა იყო რუსი ოკუპანტებისთვის ყელში გაჩხერილი ის ძვალი, რომელმაც მათ თავისუფლად მოქმედების საშუალება არ მისცა, ხოლო 2008 წლამდე ორი წლით ადრე თავად გუნავა მონაწილეობდა რუსი ოკუპანტების გახმაურებული დაკავების ოპერაციაში, რომელიც ენგურის ხიდთან ჩატარდა: მაშინ ჩვენმა სპეცრაზმელებმა ოკუპანტების ორი სამხედრო მანქანა დააკავეს, რომლითაც საარტილერიო დანადგარების ნაწილები აფხაზეთიდან ზუგდიდის რაიონში, სოფელ ურთას ტერიტორიაზე გადაჰქონდათ.
ამ აქციაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ გუნავას სიტყვებს _ “რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! არც ერთი ნაბიჯი უკან _ ჩვენს უკან საქართველოა!” გუნავას დაჭერამ მხოლოდ გაგვაძლიერა. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას _ ვერ გაგვტეხავთ!”
მკითხველს შევახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა თენგიზ გუნავას მიერ სასამართლო დარბაზიდან გამოგზავნილი სმს: “სასამართლო მიდის და სავარაუდოდ, ამიყვანენ. თანხასთან დაკავშირებით მე დახურულზე ვილაპარაკე ყველაფერი. ვნახოთ, ღმერთმა იცის, მე არ მიმითვისებია არაფერი, თუ ვაკეთებდი საქმეს, ქვეყნის უსაფრთხოების გამო მივდიოდით რისკზე. ესენი მედავებიან, ცნობა რატომ არ დაწერეო. სასაცილოა _ ბინა არ მაქვს, 5 წელია… რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, უკან არ უნდა დავიხიოთ!”
“ჩვენ არ დავიხევთ არც ერთი ნაბიჯით უკან, ჩვენს უკან საქართველოა!” _ აცხადებენ აქციის მონაწილეები.