“თენგიზ გუნავა განსაკუთრებული გენეტიკის კოლხია, რომლისთვისაც სამშობლო ყველა ფასეულობაზე უმეტესია. თვალებიდან არ ამომდის ენგურის პირზე ოკუპანტების ტანკების კოლონას გადამდგარი თენგო, რომელიც გამეხებული სახით მომხდურებს უხსნიდა, რომ მათი ქმედება დასჯადია და ქართველები არ შეარჩენენ ქვეყნის დაპყრობას. ანალოგიური სიტუაცია იყო, ნაკლები მასშტაბის, რუსული ჯავშანმანქანები ზუგდიდის ცენტრში და ასფალტზე პირქვე გაწოლილი რუსი ოფიცრები, რომლებსაც მშვიდობისმყოფელები ერქვათ და ნაბიჯნაბიჯ აკანონებდნენ ოკუპაციას აფხაზეთში და სამაჩაბლოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში. გუნავა იყო ფოთში, გუნავა იყო სენაკში, გუნავა იყო ურთაზე, განმუხურში, ორსანტიას ხიდზე, ენგურზე, ტყეებში, ყველგან… ის ებრძოდა და ებრძვის დღესაც ძალას, რომელმაც წაგვართვა ტერიტორიები, დაგვიხოცა 35 ათასი და სახლკარიდან აყარა 500 000 ქართველი!
ყველა ეპოქას ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები. გმირ თენგოს მავანმა მაშინ დააბრალა საოკუპაციო ჯარების შემოშვება სამეგრელოში, დღეს უღირსმა განაცხადა, მაშინ ჯილდოებს თავისიანებს აძლევდნენო და სხვა უღირსებს დაუყენა გვერდში, თემიდამ _ ბენზინის ტალონები და აგენტებთან სამუშაო თანხები არასწორად გაქვსო გაფორმებული და მითვისება დააბრალა ადამიანს, რომელსაც მორალური ცენზორი ამ ქვეყანაზე ჰყავს ყველაზე მაღალი, ისეთი, როგორიც ახალფეხადგმულ ქართულ მართლმსაჯულებას არც დაესიზმრება.
დიდი კაცი დაიჭირეს პატარა კაცებმა მტრის დავალებით. ხელბორკილდადებულმა და ციხისკენ მიმავალმა გმირმა გვითხრა _ “არც ერთი ნაბიჯი უკან!” ის უბრალო, წყნარი, წესიერი ადამიანია, მაგრამ ძლიერი სულის, უკომპრომისო პატრიოტი. მისი ციხით შეშინება ისეთივეა, ამათი წინამორბედები მერაბ კოსტავას რომ აშინებდნენ ციმბირით.
გეშინოდეთ, პატარა კაცებო, ადამიანების, რომლებსაც საქართველო სიცოცხლეზე მეტად უყვართ!” _ წერს ლემონჯავა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები გუნავას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს და უკანონოს უწოდებენ და დაკავებულის მხარდასაჭერ აქციებს აწყობენ.
უმცირესობის ამ განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და განაცხადა: “არ მგონია, რომ გუნავას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ყველა დაკავებას, როგორც წესი, პოლიტიკურად მოტივირებულს ეძახიან ოპოზიციის მხრიდან. ასე არ შეიძლება. სამართალდამცავ უწყებებს პატივი უნდა სცენ, მათ რიცხვში უმცირესობის წევრებმა. უნდა გაიაზრონ, რომ მათ მიეცეთ მუშაობის საშუალება”.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის საქმეში ზეწოლის ნიშნებს ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ხედავს: “საქმე მხოლოდ პირველ ინსტანციაში განიხილეს. მოსამართლემ იმსჯელა, შეაფასა მტკიცებულებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. საქმეში ვერ ვხედავ ზეწოლის ნიშნებს. ზეწოლის ნიშნები რომ არსებობდეს, შემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაირკვევა,” _ აღნიშნა კუბლაშვილმა.