პრემიერმა ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ივანიშვილი დუმბაძის სახლ-მუზეუმში მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან და “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად ესტუმრა. მარგველაშვილს თან მეუღლე, მაკა ჩიჩუა ახლდა.
მუზეუმში მისულ პრემიერს მინისტრთა კაბინეტის ნაწილი _ დავით ნარმანია, ნოდარ ხადური, სოზარ სუბარი, გურამ ოდიშარია მისული დახვდა. მუზეუმში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
პირველი, რაზეც პრემიერმა აქცენტი გააკეთა მუზეუმამდე მისასვლელი ავარიული გზა იყო:
_ რატომ არ მითხარით თუ ასეთი ცუდი გზა იყო, _ აღნიშნა ივანიშვილმა და იქვე მდგარ დავით ნარმანიას და ნოდარ ხადურს გზის სარემონტო სამუშაობის სასწრაფოდ დაწყებისკენ მოუწოდა.
_ თუ თქვენ არ გაქვთ ფული, მე მოგცემთ, _ აღნიშნა პრემიერმა.
“გურია ნიუსის” კომენტარზე, რომ ამის შესახებ ჩვენი გამოცემა ბევრჯერ წერდა, პრემიერმა მინისტრებს მიუთითა, რომ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს უფრო ყურადღებით გაეცნონ.
ბიძინა ივანიშვილს ხიდისთავში, იმ ეზოსთან ახლოს, სადაც ნოდარ დუმბაძე იზრდებოდა ჩოხატაურის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული თეატრალური წარმოდგენა დაახვედრეს და კოპეთი ჭურის ღვინოც დააგემოვნებინეს:
_ გიორგი სად არის? გიორგისაც დაალევინეთ, _ მარგველაშვილი მოიკითხა პრემიერმა.
მოგვიანებით კი, მოზრდილი კოპე სოზარ სუბარს გადასცა:
_ სვანია და მას უფრო დიდი სასმისით დავალევინოთ, _ აღნიშნა პრემიერმა.