_ რამდენად ვიქნები ხელშეუხებელი ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ? თქვენი იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტს ბოლომდე მიყვებით. ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, თუ გამოძიება რა თქმა უნდა სამართლიანად წარიმართება. ორ თვეზე მეტია დაიწყო მოკვლევა და ბოლო არ უჩანს, ვიყავი პროკურატურაში და მივეცი ჩვენება თავიდან ბოლომდე, რაც და როგორც იყო, უკან არ დამიხევია, მაგრამ მაინც შიშის ქვეშ ვარ, ვინ იცის, იქნებ უფრო გადამეკიდონ პოლიციელები? ადვოკატი არ მყავს, პროკურორმა მითხრა, რად გინდა ადვოკატი, მე ვარ შენი ადვოკატიო, ვნახოთ, როგორ დასრულდება საქმე! ვინ იცის, რამდენი ჩემი მეგობარი, თანატოლი ბიჭი აღმოჩნდა მსგავს მდგომარეობაში და ენას შიშით ვერ იღებს, მინდა გითხრათ, რომ მე პირადად არ მიგრძვნია ხელისუფლების შეცვლა და თავისუფლების შეგრძნება, ძალიან დიდი ხანია მიდის ჩემზე და ჩემს ოჯახზე პოლიციის მხრიდან შევიწროება, თბილისში ვმუშაობ და ოზურგეთში იშვიათად ჩამოვდივარ.
როგორც კი ჩამოვიდოდი, იმ წამსვე პოლიცია თავზე მადგებოდა. იმ დღესაც ნათესავის გასვენებიდან ამიყვანეს. ვერ აღგიწერთ, რა მდგომარეობაში ჩამაყენეს, მცემეს, მომაყენეს ყველანაირი შეურაცხყოფა, მანქანაშიც და პოლიციაშიც, ცოლ-შვილი მაგინეს, დამემუქრენ რომ ნარკოტიკს ჩამიდებდნენ და ბარიგად გამხდიდნენ და იმ სიტყვებს ვერ გეტყვით, რაც მათ მაკადრეს. არ ვიცი როგორ დასრულდება გამოძიება, მეშინია, ძალიან ვნერვიულობ, ღამეები არ მძინავს, მაგათ დანახვაზე სულ მაკანკალებს, ძალიან გთხოვთ, თქვენი მეშვეობით, იქნებ ვიყო ხელშეუხებელი, _ აცხადებს “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მ.ბ. რომელიც, პოლიციელებმა ნარკოლოგიური ტესტირების შემოწმების მიზნით აიყვანეს და როგორც თვითონ ამბობს, სცემეს.
მ. ბ. თბილისში მუშაობს და რამდენიმე დღით თავისი ახლობლის გასვენებაში, სოფელში იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა მისი აყვანა სწორედ გასვენებაში, მეზობლებისა და ახლობლების თანდასწრებით სცადეს, ნარკოლოგიური ტესტირების შემოწმების მიზნით. როგორც “გურია ნიუსს” მ.ბ.-ს ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ის არ იმყოფებოდა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, რის შემდეგაც მ.ბ. სამართალდამცავებმა სახლში გამოუშვეს, თუმცა როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ის საშინელი ნაცემი იყო.
_ ეს იყო 27 აპრილს, ჩემი შვილი ჩამოსული იყო ნათესავის გასვენებაში სოფელში, მოაკითხა პოლიციამ იქ და ჭიშკართან, ყველას თანდასწრებით აიყვანა. მივედი პოლიციაში, კარგა ხანს ველოდებოდით, რამდენიმე საათის შემდეგ გამოვიდა და მითხრა, არ შეშინდე დედა, მე სუფთა ვარ და არც არაფერი დამემართებაო. შევხედე სახე სულ დასივებული ჰქონდა, ვერ აღგიწერთ რა მდგომარეობაში იყო, საშინლად ნაცემი. ვკითხე იმ წუთს, რა გჭირს დედა, მეთქი? არ მითხრა, დამიმალა, ინერვიულებსო. გვიან ღამით, ძალიან ანერვიულებული სახლში ვიყავი, იქ ქელეხში მიბრუნებული ჩემი შვილი, ყველამ ნახა ნაცემი, პირზე, სახეზე სულ ჩაქცევები ჰქონდა. მას არ დაუმალავს და ყველას უთხრა, რომ პოლიციელებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ყველანაირად, _ამბობს “გურია ნიუსთან” მ.ბ.-ს დედა, ქალბატონი ლალი.
_ ქალბატონო ლალი, სად ცემეს თქვენი შვილი?
_ მანქანაში ცემეს. როგორც კი ჩაუჯენიათ მანქანაში, მეზობლის ქალმა გაიგონა, როგორ უყვიროდნენ და ცემდნენ მანქანაში, გააგრძელეს პოლიციაში, საპირფარეშოში ხელები თავზე შემოაწყობინეს და ისე სცემდნენ, გავიხსნით ახლა შარვალს და ასე და ისე გიზამთო.. ეს ჩემმა შვილმა პროკურორთან თქვა, მე შემრცხვა ამის თქმა. ნარკოტიკი აგერ გვაქვს, ჩაგიდებთო და ამის შემდეგ გადაირია თურმე ბავშვი, დასცხეს გვერდებში. იმის გამო, რომ პოლიციელები თხოვდნენ სად იმყოფებოდა მისი ძმა, რომელიც სამართალდამცავებს უნდა აეყვანათ ასევე ნარკოლოგიური ტესტის შემოწმების მიზნით, რაზეც ჩემმა ბიჭმა განაცხადა, მისი ძმა თბილისში იმყოფებოდა, ამის გამო გადაირივნენ პოლიციელები, რატომ გვატყუებო.
ასე შეიცვალა მაგათი მთავრობა? რა შეიცვალა, გეკითხებით? ამას წარმოვიდგენდი და მოვესწრებოდით ახლა, რომ პოლიცილები გალახავდნენ ბავშვს? მასეთი ფაქტების გამოა ასეთი ამბავი ზევით, რომ ინგრევა ყველაფერი? ისევ ისე იმეორებენ?
ისევ ისე შეურაცხყოფა თუ ენით და თუ ფიზიკურად? რა უნდათ, რას გადაგვეკიდნენ? ბავშვი ფიზიკურად შრომობს თბილისში, ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი, ნუ გეშინია სამუშაო ადგილები არ შექმნან და არ დაასაქმონ ახალგაზრდობა, ასე შეიძლება კაცო? იყვნენ პირველად მოსულები სახლში და მეზობლებს არ მოუსმინეს დაკითხვაზე, მაგათი აზრი არ გვაინტერესებს, მაგათ არ უყურებიათ ცემისთვისო და ცემას ვინ აყურებინებდა? თუმცა, მთელი მეზობლებია იმის მომსწრე როგორი ნაცემი იყო ჩემი შვილი, _აცხადებს “გურია ნიუსთან” დაზარალებულის დედა.
თვითმხილველი მეზობელი: “იყო ნაცემი, ჩასისხლიანებული ჰქონდა კბილები, ცხვირზეც ტყავი ჰქონდა აქერცლილი, როგორც ყვება, ცემის შემდეგ გაუსუფთავებიათ ყურის საწმენდი ჩხირებით, ამოუწმინდეს სისხლიანი ლაქები, გაფრთხილებაც მისცეს, რაც მოხდა ის არ უნდა ეთქვა. იმედი გვაქვს, შესაბამისი რეაგირება ექნება ამ ფაქტს და ამ ბიჭს არ გაურთულდება ცხოვრება ამის შემდეგ და ქუჩაში გავლის არ შეეშინდეს, რომ პოლიციამ ისე არ ჩაუდოს ნარკოტიკი.”
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო და სამართალდამცავების წინააღმდეგ დაზარალებული მოქალაქის მშობლებმა და თავად დაზარალებულმა ჩვენება უკვე მისცეს.
_ მოქალაქე მ.ბ -თან დაკავშირებით, დაიწყო წინასწარი გამოძიება, სსკ. 333 -ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებას. ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძიება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა, თავად ბ.მ. ჯერ არ დაკითხულა, ის არ გამოცხადებულა პროკურატურაში, მისი დაკითხვის და ისვე როგორც სხვა მოწმეების დაკითხვის შემდგომ საქმეზე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, გამოძიების დასრულების შემდგომ ამოიწურება საქმეზე ყველა დეტალი და ამის შემდეგ, მიიღება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, _ განგვიცხადა პროკურორმა კახა კოჩივარმა.