ვიზიტის მეორე დღეს, არჩილ კბილაშვილი ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მთავარ პროკურორს რონალდ მეიჩენ ჯუნიორს და ვაშინგტონის ფედერალური ოლქის პრობაციისა და წინასწარი დაკავების ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სფეროში საქმიანობის გამოცდილების გაზიარებას. „მათ გამაცნეს აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოში ვიწყებთ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციას, რაც იმასაც გულისხმობს, რომ არაძალადობრივ დანაშაულებებზე არ მოხდეს ხალხის დაკავება-დაპატიმრება. სწორედ ამ კუთხით მნიშვნელოვანია შეიქმნას მსგავსი მექანიზმი, როდესაც ბრალდების წარდგენიდან სასამართლო განხილვამდე ხდება პირზე მეთვალყურეობის დაწესება სპეციალური სამსახურის მიერ” – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა, მისივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი მზად არის ამ საკითხში გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოსთან აქტიურად ითანამშრომლოს.
დღესვე მთავარი პროკურორი და უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ორგანიზაცია freedom house-ის პრეზიდენტს დევიდ კრამერს შეხვდნენ.
საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და პარლამენტარები თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი. დელეგაცია შეხვედრებს მართავს მართავს ამერიკის სენატსა და კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის და იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო.