რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ადვილად შეიძლება მისი გაკაფვა.
ახალი მთავრობა პრობლემების გადაჭრას კანონმდებლობის შეცვლით, ტყეების აღრიცხვით, ინვენტარიზაციით და კიდევ ბევრი სხვა ღონისძიებების გატარებით გეგმავს. შემუშავდა საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც განთავსდა სამინისტროს ვებ გვერდზე და 15 ივლისამდე ყველა დაინტერესებულ პირს მასზე საკუთარი მოსაზრების და რჩევის გამოთქმა შეეძლო.
სატყეო სექტორში არსებული პრობლემების შესახებ “გურია ნიუსს” ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების ცენტრის ყოფილი უფროსი მერაბ მაჭავარიანი ესაუბრა. მაჭავარიანი ხელმძღვანელობდა, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტს. წლების მანძილზე მუშაობდა სატყეო დეპარტამენტში და ახალ მთავრობასაც ეხმარებოდა სატყეო კონცეფციის შემუშავებაში.
მაჭავარიანის თქმით, სატყეო სექტორის ძირითადი პრობლემა არის ის, რომ 90-იანი წლებიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ტყეების მასობრივი ჭრა დაიწყო. მოსახლეობის ერთადერთ შემოსავლად ტყე იქცა. ტყეს ორი დიდი დატვირთვა მიეცა: 1. ის იყო, მოსახლეობის არსებობის საშუალება (გამოჰქონდათ შეშა, სოკო, კენკრა, წაბლი) და 2. კომერციული მოგების მიღების გზა. ძირითადად, გაჰქონდათ თურქეთში, ტყის ექსპორტის სასტიკი აკრძალვის მიუხედავად.
მაჭავარიანი სატყეო სექტორში სპეციალისტების ნაკლებობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ სფეროში არაპროფესიონალები შეიყვანეს. გარდა ამისა, პერსონალის რაოდენობა შემცირდა, სატყეო უბნები გამსხვილდა და ერთი მეტყევე ვეღარ აკონტროლებს მისთვის ჩაბარებულ უზარმაზარ ტერიტორიებს.
დიდ პრობლემად რჩება გზების ინფრასტრუქტურის გაუმართაობა ტყეებში: ” გზების არსებობა ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რამდენად განვითარებულია ქვეყანაში სატყეო მეურნეობა. ამბობენ, თუ გზებს შევიყვანთ, ხალხი უფრო შევა და კიდევ უფრო მეტად გაიჭრება ტყეები. ეს ასე არ არის. საჭიროა იგივე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ადვილად რომ მოხდეს რეაგირება”, _ აცხადებს მაჭავარიანი.
გასარკვევია თბილისის შემოგარენში არსებული ტყეების ბედი.
“გასხვისებული ტყეები უკვე ამოირიცხა ტყის ფონდიდან. იგივე შეიძლება ითქვას თბილისის გარშემო მდებარე ტყეებზე. წავკისი, კოჯორი, რომელიც გადაეცა ქალაქ თბილისს, გადის მწვანე ნარგავების კატეგორიაში, მასზე სატყეო კანონმდებლობა არ ვრცელდება, ამოვარდნილია კონტექსტიდან. რეალურად, კი ეს არის ეკოსისტემა. არც გარემოს დაცვის სამინისტროს და არც სატყეო ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაში არ შედის”. ეს კი მერაბ მაჭავარიანის თქმით, ძალიან სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან გარემოს დაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების შემთხვევაში ჩარევა არ შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ იგივე სამშენებლო მიზნებისთვის ტყეების გაკაფვა დასაშვებია.
რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიციას, მინისტრი ხათუნა გოგალაძე უკანონო ჭრებთან დაკავშირებით ყველას აფრთხილებს, რომ ჯარიმები გამკაცრდა და ნუღარ ეცდებიან უკანონო ქმედებების ჩატარებას. რაც შეეხება კადრებს, სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ახალ თანამშრომლებს კონკურსის გზით არჩევენ.
გზების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით კი ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანი გვპასუხობს: “სატყეო გზები, სამწუხაროდ, არ კეთდება. 25 წელია, საქართველოში სატყეო გზები არც შეკეთებულა და არც ახალი გაყვანილა. რასაკვირველია, უნდა მოწესრიგდეს და გაკეთდეს, ამისთვის ვითხოვთ, მომავალი წლის ბიუჯეტში შევიდეს გარკვეული თანხა. საქართველოს ტერიტორიაზე ტყეკაფების გამოყოფის საშუალება არის, მაგრამ მოსახლეობამ იქამდე რომ შეძლოს მისვლა, ამისთვის საჭიროა გზები. მოსახლეობას არ აქვს საშუალება, თვითონ გაიყვანოს გზა და შესაბამისად, დატვირთვა მოდის იმ ტყეებზე, რომლებიც მოსახლეობასთან ახლოსაა და იქ სადაც ძველი გზებია.”
სამინისტროს სამთვიანი ანგარიშის მიხედვით, თითქმის დასრულებულია მოსახლეობის სათბობ შეშაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოები. ზამთრის სეზონისთვის მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, დღეის მდგომარეობით, გამოყოფილია საჭირო მოცულობის 90%.
რაც შეეხება თბილისის გარშემო არსებული ტყეების საკითხს, ბიძინა გიორგობიანს არ აქვს პასუხი, თუ როდის მოხდება ამ პრობლემის გადაჭრა.
“აღნიშნული ტყეები საერეკრეაციო საბაბით ამოეწერა ტყის ფონდიდან და გადავიდა კერძო მფლობელობაში. ძირითადად, უფრო ბინათმშენებლობებისთვის. ამის შეცვლა და დაბრუნება სატყეო ფონდში… ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არ ვარ მზად, იმიტომ რომ, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ შემისწავლია. ჩვენთან სამინისტროში მოსული იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მათ გვთხოვეს, ამ ტერიტორიების ერთობლივი მონიტორინგის სისტემა ჩამოყალიბდეს. პრინციპში, მხარს გვიჭერენ, მაგრამ ეს საკითხი უფრო ღრმად არის შესასწავლი”, _ ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ამ პრობლემის გადაჭრაში გამოსავალს ტყის განმარტების შეცვლაში ხედავს.
“ერთ-ერთი მოსაზრება გახლავთ ის, რომ შეიცვალოს თავად ტყის განმარტება. შესაბამისად, საკუთრების მიუხედავად, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მასზე კონტროლი ექნება სახელმწიფოს და გარემოს დაცვის სამინისტროს,” _ აცხადებს ხათუნა გოგალაძე.