მათი დევიზი იყო, ჯობია ტყე გადავიდეს კერძო ხელში და ის მიხედავს”, _ ასე ახასიათებს ექსპერტი სატყეო საკითხებში, ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების ცენტრის ყოფილი უფროსი მერაბ მაჭავარიანი წინა ხელისუფლების სატყეო პოლიტიკას.
მაჭავარიანის თქმით, სექტორის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას ემსახურებოდა სწორედ ტყეების 49-წლიანი იჯარით გაცემის იდეა, რომელზეც საქართველოს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა 2011 წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა.
მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ იდეამ არ იმუშავა. მისი თქმით, უცხოელმა სპეციალისტებმა მაშინვე მიუთითეს, რომ ამხელა აუზების მართვა ერთი ინვესტორის მიერ არარეალური იქნებოდა.
“იდეის მიზანი იყო ის, რომ გადაეცათ ტყეები ინვესტორებისთვის და მერე როცა მოუნდებოდათ, თავში ერტყათ, ეკონტროლებინათ, დაეჯარიმებინათ, რაც ხდება, პრინციპში, ჩინელებთან მიმართებაში. სერიოზული ინვესტორი არ წამოვიდა ამაზე. იგივე ის ვალდებულებები მოსახლეობის შეშის მომარაგებაზე, ყველამ ვინც იცის რასთანაცაა დაკავშირებული, არ ღირდა ჩიტი ბრდღვნად და ეს იდეა ვერ გახორციელდა. თუმცა, თუ გაქვს ნორმალური კანონმდებლობა, თუ გაქვს კონტროლის საშუალება, გყავს კვალიფიციური პერსონალი, პრობლემა არ არის მრავალწლიანი იჯარით ტყის გადაცემა, მთავარია, ტყეში პროცესი მიდიოდეს სწორად”, _ აცხადებს ექსპერტი სატყეო საკითხებში.
ჩვენ დავინტერესდით, რა ხდება ამჟამად ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მივმართეთ.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანმა გვითხრა, მთავრობის შეცვლიდან მოყოლებული, ახალი ლიცენზიები არ გაცემულა, თუმცა ძველით მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, სამინისტრო მუშაობას შემოწმების მიმართულებით გააგრძელებს.
“ჩვენ გამოვიკვლევთ არა პიროვნებებს, არამედ იმ პირობებს, რა პირობებითაც გაიცა ლიცენზია. მე პირადად დღეს არ ვართ მზად, გითხრათ, რა ზომებს მივიღებთ ლიცენზიანტების მიმართ, მაგრამ ეს იქნება ჩვენი სამსახურის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება”, _ ამბობს გიორგობიანი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, გრძელვადიანი ლიცენზიებით მართვა არცერთ ქვეყანაში არ არის, შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯები ის იქნება, რომ ტყის მართვის ფუნქციები სამინისტრომ თავის თავზე აიღოს.
” სატყეო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ტყემ შეასრულოს თავისი სამი დანიშნულება: სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური და ამაში სახელმწიფოს როლი არის განმსაზღვრელი. რაც შეეხება კონკრეტულად, გაიცემა თუ არ გაიცემა ლიცენზიები, ძველი მოდელია დარჩენილი, მაგრამ სამომავლოდ ისეთ მდგომარეობაზე უნდა გადავიდეთ, რომ ტყე ტყეს დაემსგავსოს. ამას სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლა”, _ აცხადებს მინისტრი.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, ტყეების ხანგრძლივი ვადით გადაცემის იდეა ტყით დაფარული ტერიტორიების დაცვისთვის გაჩნდა.
“მოგეხსენებათ 90 – იანი წლების დასაწყისიდან 1-წლიანი ლიცენზიები იყო, რომელიმე ფირმა მოდიოდა სატყეო დეპარტამენტში და იღებდა მოჭრის ნებართვის დოკუმენტს. შემდეგ წელსაც იღებდა და ა.შ. ეს იყო მახინჯი ფორმა. შემდეგ გაჩნდა იდეა, ხანგრძლივი ვადით სარგებლობაში გადაგვეცა ტყეები, რომ დაგვეცა ეს ტერიტორიები.
გრძელვადიანმა ლიცენზიებმა, რომლებიც გაცემულია იმერეთის წაბლნარებში აჩვენა, რომ ტყის მართვის ეს ფორმა არის უაღრესად არაეფექტური, არა მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების კუთხით, არამედ ეკონომიკურადაც კი. ვინაიდან ლიცენზიანტებმა ერთხელ გადაიხადეს უმნიშვნელო ლიცენზიის მოსაკრებელი, ამის შემდგომ ისინი იხდიან ზეზე მდგომი ხის გადასახადს და სარგებლობენ უკონტროლოდ იმ ტერიტორიით, რაც აქვთ ლიცენზიით აღებული. დადგინდა, რომ ლიცენზიანტები უკანონოდ მოქმედებენ მათ სარგებლობაში გადასულ ტყეებში და ეს საკითხი ძალიან სერიოზულად არის შესასწავლი,” _ აცხადებს გიორგობიანი.
ექსპერტი ტყის საკითხებში მერაბ მაჭავარიანიც ფიქრობს, რომ ლიცენზიანტების შესწავლა აუცილებელია. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ, საერთოდ არაფერი ახალი არ დაუნერგავთ ამ სფეროში: “საქართველოში ტყეები ხანგრძლივვადიანი ლიცენზიებით უმეტესად ჩინელებს აქვთ აღებული. მათ ახალი ტექნოლოგიები არ შემოუტანიათ. იყენებენ საბჭოთა კავშირის დროინდელ ტექნიკას. სახელმწიფოს გადაუხადეს აუქციონის ღირებულება და შემდეგ იხდიან მერქნის მიხედვით”.
რაც შეეხება ჭიათურის წაბლნარებს, მაჭავარიანს მიაჩნია, რომ წაბლის წითელ წიგნში შეტანა გაუმართლებელი იყო: “მოჭრის აკრძალვამ უარესი შედეგი გამოიღო, არ შეიძლება, როცა მოთხოვნა არის რაღაცაზე, იმას აკრძალვით დაუპირისპირდე”, _ ამბობს ის.
ქართული ტყის მასობრივი ჭრიდან გამომდინარე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2772.45 ათას ჰექტარი ვეღარ იქნება: “მე არ მგონია, საქართველოს ტერიტორიის 40% ტყე იყოს. 25 წელია, საქართველოში ტყეების აღწერა არ ჩატარებულა, ამ ხნის მანძილზე მიმდინარეობდა მასობრივი ჭრა.”
გიორგობიანის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ბორჯომ-ბაკურიანის ტყის ინვენტარიზაციისთვისაა თანხა გამოყოფილი და 45 000 ჰა ფართობზე სამუშაოების გახორციელებისთვის ტენდერია გამოცხადებული.
რაც შეეხება სამომავლოდ ქართული ტყის ბედს, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ამბობს, საქართველო გერმანიის მაგალითს მიჰყვება. სადაც ფედერაციები თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტყეებს თავად განაგებენ, თუმცა სახელმწიფო დონეზე ხდება ამის კონტროლი.
ხათუნა გოგალაძის თქმით კი, მთავარია, საქართველოს ტყეებიც მოექცეს ერთიან საკანონმდებლო სივრცეში და სახელმწიფომ განახორციელოს მასზე კონტროლი, იმის მიუხედავად ვის ექნება საკუთრებაში.