დღევანდელ სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა არალეგიტიმური უწოდეს და ბოიკოტი გამოუცხადეს.
სხდომა ჩატარდა და 25 დეპუტატისაგან შემდგარმა ახალმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.
მამუკა ახვლედიანის გარდა, საკრებულოს ახალმა უმრავლესობამ თანამდებობიდან გადააყენა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები.
საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, დღევანდელ სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობა” მას სასამართლოში გაასაჩივრებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ეს დაადასტურა ახვლედიანმაც და განაცხადა:
“ნაციონალური მოძრაობა” 26 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე მხარს არ დაუჭერს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას, რადგან შიხიაშვილი არ შეიძლება იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენი ინფორმაციით, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით თვითონ კოალიცია “ქართულ ოცნებაშია” აზრთა სხვადასხვაობა _ კოალიციის წარმომადგენლები ამ თემაზე ვერ თანხმდებიან.”