“მე მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს. იცით, რომ იქ დღეს გაიმართა “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერი. ძალიან არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. იცით, რომ პოლიცია იცავდა და იცავს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იმისათვის, რომ არ დავუშვათ რაიმე ექსცესები და ვუზრუნველყოთ ამ ადამიანების უსაფრთხოება, მე ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობის” უსაფრთხოებას.
სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა კონკრეტული ადამიანების მისამართით, მე ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილი და დასჯილი სამაგალითოდ. ჩვენ ვთქვით და ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნებოდა და იქნება სამაგალითო ნამდვილად. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. შესაბამისად ჩვენ არ დავუშვებთ და ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას. და ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად”.
ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი პრაიმერი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა. ღონისძიების დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეებმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათ წყლით სავსე ბოთლები დაუშინეს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მანქანებს, ასევე შეეცადნენ კორდონი გაერღვიათ, თეატრის შენობაში შესულიყვნენ და პრაიმერი ჩაეშალათ.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს სპეციალური კორდონის მოწყობა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა პრაიმერის მონაწილეთა და დელეგატთა შენობაში შესვლა.


































































