აქამდე ყველას ეგონა, რომ გუნდის ძველი ხელმძღვანელობას ხელშეკრულებები ისე გაუგრძელდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ცოტა ხნის წინ ძველ ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა. როგორც ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ლორიამ განაცხადა, მას შესთავაზეს ხელშეკრულების გაგრძელება, მაგრამ იგი იმ შემთხვევაში გააგრძელებდა მუშაობას, თუ მასთან ერთად იქნებოდა “გურიაში” მისი გუნდი დარჩებოდა ანუ ის, ვინც, ლორიას თქმით, “გურია” დიდ წარმატებამდე მიიყვანა.
როგორც ჩანს, ლორიას პირობები არ გაითვალისწინეს და ახალი მწვრთნელი წარადგინეს.
კლუბის დირექტორის ახალი დროებით მოვალეობის შემსრულებელი კობა მირზაშვილი არ მალავდა, რომ ის აუცილებლად ახალი გუნდით მოვიდოდა. 23 ივლისს, ლანჩხუთის „გურიას” ახალმა მწვრთნელმა კლუბის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ასევე ახალ ფეხბურთელებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა და გუნდში ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დავით მახარაძე, გურიის ახალი მწვრთნელი: “მოახლოებულ ჩემპიონატამდე რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ვინაიდან ცოტა დრო გვრჩება მოსამზადებლად. მე უკვე ვნახე ორი თამაში, კონტიგენტიც ვნახე. კიდევ ველოდებით ახალ ფეხბურთელებს. მაქვს იმის საფუძველი ვთქვა, რომ თანდათან ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწევთ. რეალურად ვაფასებთ სიტუაციას და ექვსეული შეიძლება მაღალ მიზნად ჩაითვალოს. წავიკითხე, რომ წინა ხელმძღვანელობა გეგმავდა ექვსეულში მოხვედრას, მაგრამ ეს იქნება არარეალური მიზანი _ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეს არ გამოვა.
გუშინ გვქონდა პირველი თამაში, რომელმაც აჩვენა, რომ გუნდი ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაშია. წინ რთული გზა გველის. გათავისებული მაქვს ისიც, რომ 13 წლის შესვენების შემდეგ გუნდი ისევ უმაღლეს ლიგაშია და რამდენად უხაროდა ლანჩხუთელებს ეს ამბავი. ვეცდებით, რომ იმედები არ გავუცრუოთ გულშემატკივარს. მე დავუკავშირდი ყოფილ მწვრთნელს, თემურ ლორიას და გაირკვა, რომ ის გუნდში არ რჩებოდა. მე არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი აქ მუშაობას, თუ არ მეცოდინებოდა მისი პოზიცია. ისიც გავიგე, რომ შეთავაზება ჰქონდა გუნდის ხელმძღვანელობისგან, მაგრამ ის არ დათანხმდა. რა მიზეზით და რატომ, ეს ჩემი საქმე არ არის. მისი სურვილი იყო, რომ არ ემუშავა.
ფეხბურთელებს რაც შეეხება, გამოცდილი კონტინგენტია. სინჯების დრო არ არის _ უმეტესად გამოცდილებაზე ვაკეთებთ აქცენტს. ზამთრის შესვენებამდე შევეცდებით იმდენი ქულა დავაგროვოთ, რომ უმაღლესში დავრჩეთ და არ გაგვიჭირდეს, ექვსეულში კი ალბათ ვერ მოვხვდებით.
ახალწვეულებს რაც შეეხება, ჩემი სურვილით ჩამოვიყვანე ალექსანდრე ინწკირველი, დანარჩენი, უმეტესობა ძველი ფეხბურთელებია. ივანე კილაძე, რომელიც ადრე თამაშობდა, ისევ დაუბრუნდა გუნდს.”
პრესკონფერენციაზე ფეხბურთელები გულშემატკივარს კარგი თამაშს დაჰპირდნენ:
გიგა კვერენჩხილაძე: “მართალია, ცოტა დაგვიანებით დავიწყეთ ვარჯიში მაგრამ ისეთი გუნდი ვართ შეკრებილი, რომ მჯერა, მივაღწევთ შედეგს. როგორც გუშინდელმა თამაშმა ცხადყო, იმდენი ძალა აღარ შეგვწევს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.”
თენგიზ ჩიკვილაძე: “პირველ რიგში მინდა მივულოცო ლანჩხუთის “გურიას” და მის გულშემატკივრებს უმაღლეს ლიგაში გადასვლა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას ნდობისთვის, კარგი გუნდი შევიკრიბეთ. თავს არ დავზოგავთ და ყველა თამაშზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.”
როგორც კლუბის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გვითხრა, სპონსორს ძიების საქმე გადამწყვეტ ფაზაშია, ყველაფერი კარგად მიდის და იმედია, “გურიას” მალე დააფინანსებენ. სპონსორის დასახელებისგან “გურიას” დირექტორმა თავი შეიკავა, თუმცა, თქვა, რომ ის ბიზნესმენია.