სააგენტო პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, ქალბატონ კონდოლიზა რაისთან, ჩემი და თინათინ ხიდაშელის შეხვედრის დროს (რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატონი არჩილ გეგეშიძე) არ განხილულა ის საკითხი, რომ ქალბატონი რაისი საქართველოს მთავრობის მრჩეველი გახდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია პირველად გაზეთ “იზვესტიით” გავრცელდა, თუმცა არანაირი ოფიციალური წყარო არ ყოფილა მითითებული. ეს ინფორმაცია არა მხოლოდ არ შეესაბამება სიმართლეს, არამედ შეხვედრისას განხილული თემების დამახინჯებული ინტერპრეტაციაა აღნიშნული გამოცემის მხრიდან. სტენფორდის უნივერსიტეტში შეხვედრისას ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საქართველო რეგიონულ კონტექსტში, რუსეთთან ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები და სხვა. ქალბატონმა რაისმა დაადასტურა, რომ ის და მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ და რჩებიან საქართველოს მეგობრებად და აქტიურ მხარდამჭერებად. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა კომენტარი ამ ინფორმაციაზე და უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს ქალბატონი რაისი მის მრჩევლად ინიშნება. იმედს ვიტოვებ, რომ ამგვარი გადაუმოწმებელი ინფორმაცია აღარ გავრცელდება ქართულ თუ უცხოურ მედიასივრცეში”.