შეხვედრაზე ბურჯანაძემ იმ მოქალაქეებზე ისაუბრა, რომლებიც, შესაძლოა, საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩნენ. მისი განცხადებით, ამ მოქალაქეების პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იყო, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის 10-თვიანი პერიოდი რომ არ დაეხარჯა გაურკვეველი კანონების მიღებაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში და ამის მაგივრად ეფიქრა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე, სამართლიანობის დამკვიდრებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხისთვის წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებაზე, ამ ადამიანებს უკვე თავად ექნებოდათ საკუთარი ვალების გასტუმრების საშუალება.
“დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერის აზრით, პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის შემდეგ პარლამენტმა შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, რომელიც 2014 წლის 1 თებერვლამდე გადაავადებდა გამოსახლებებს. თუმცა, “რამდენიმე დღის წინ ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ისევ დადგა საცხოვრებლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე. პრემიერის მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა, პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის განხილვა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებდა ე. წ. გამოსახლებების გადავადებას 2014 წლის 1 თებერვლამდე, რაც 6 თვით მაინც შეამსუბუქებდა საცხოვრებლის დაკარგვის ყოველდღიურ მოლოდინში მყოფი ჩვენი თანამემამულეების უმძიმეს მდგომარეობას და გაუჩენდა შანსს, რომ თავადაც მოეძებნათ გამოსავალი შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან.
არც ერთი ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ მოქალაქეებს ვალები გაუსტუმროს, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ეს ადამიანები სწორედ წინა ხელისუფლების რეჟიმისა და მის მიერ გატარებული კაცთმოძულე პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ოჯახის წევრის ციხიდან გამოსახსნელად ყიდდა უკანასკნელ სარჩო-საცხოვრისს; სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ბიზნესის დატერორების, მიტაცებისა და მოქალაქეებისთვის ბიზნესის წარმოების მოსპობის გამო იძულებულები გახდნენ ადამიანები, აეღოთ სესხი, ელემენტარულად, ოჯახის გამოსაკვებად. სახელმწიფოს არასწორი სოციალური პოლიტიკის გამო ტვირთავდნენ იპოთეკით საკუთარ ქონებას, რომ გადაეხადათ მშობლებისა და შვილებისათვის ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული ხარჯები. სწორედაც რომ ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ამ ადამიანების უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა და ხელისუფლება ვალდებულია, გამოასწოროს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაული. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, 1 ოქტომბრის არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს პირდებოდა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და მათი პრობლემების მოგვარებას.
დღეს კი რა ხდება? წინასაარჩევნო დაპირება არ სრულდება; პარლამენტი ახდენს მოუმზადებელი და შეუთანხმებელი კანონპროექტის ინიცირებას; აღმასრულებელი ხელისუფლება ერევა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში და უფრო მეტიც _ პრემიერის ერთი მოთხოვნაც კი საკმარისია იმისათვის, რომ პარლამენტმა განხილვიდან მოხსნას საკითხი. სახელისუფლებო შტოების მსგავსი შეუთანხმებელი და არაკვალიფიციური მოქმედების შედეგად კი ათასობით ოჯახი, უახლოეს მომავალში შეიძლება ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს.
„ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის 10-თვიანი პერიოდი რომ არ დაეხარჯა გაურკვეველი კანონების მიღებაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში და ამის მაგივრად ეფიქრა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე, სამართლიანობის დამკვიდრებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხისთვის წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებაზე, ამ ადამიანებს უკვე თავად ექნებოდათ საკუთარი ვალების გასტუმრების საშუალება. კოჰაბიტაციის გარემოში ნაციონალების მიერ მიტაცებული ბიზნესი ხელშეუხებელია. ისინი აგრძელებენ ბიზნესის უდიდეს ნაწილის კონტროლს და უსამართლოდ, სხვისი დივიდენდების მიღებას, მაშინ როდესაც ამ ბიზნესის კანონიერ მფლობელებს და ათიათასობით ჩვენს თანამემამულეს მათ გამო “ბომჟად” გადაქცევის საფრთხე ემუქრება.
10 თვე საკმარისი იყო სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად, რაც აღმოფხვრიდა საზოგადოების ერთი, მცირე ნაწილისთვის სუპერმოგებების მიღების შესაძლებლობას ისედაც გაღატაკებული ხალხის ხარჯზე, დაამკვიდრებდა სამართლიან გარემოს ისე, რომ არც ერთი მხარის ინტერესი არ ყოფილიყო შელახული.
ჩვენ, რამდენიმე დღის წინ მოვინახულეთ კომპაქტურად ჩასახლებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და შეძრწუნებული ვართ მათი მდგომარეობით _ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ იფიქროს ამ ადამიანების პრობლემების გადაწყვეტაზე, ის საკუთარი არაკომპეტენტური მოქმედებებით ქმნის იმის საშიშროებას, რომ კიდევ ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში,” _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.