ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელების მინდორზე ნახვა, წესით, საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ გულშემატკივართა ერთ ნაწილს თამაშის ყურება მობეზრდა და ტრიბუნებიც ბევრმა დატოვა.
თამაში დაგვიანებით დაიწყო და მას, რაც ყველაზე თვალში საცემი იყო, არც თუ ისე ბევრი მაყურებელი ესწრებოდა.
თუმცა, მეტად საინტერესო და დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ლანჩხუთელი ფეხბურთელებიდან, რომლებიც თავის დროზე სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ, მხოლოდ მალხაზ მახარაძემ ითამაშა. ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლეგენდარული “გურიას” კაპიტანმა თემურ ჩხაიძემაც გარკვეული მიზეზების გამო თამაში ვერ მოახერხა _ ის დღე პარლამენტში სასესიო დღე იყო. მაყურებლების განსაკუთრებული გულისწყრომა მაყურებლისა ამ ფაქტმაც გამოიწვია.
ის, თუ რატომ არ ითამაშეს ამხანაგურ შეხვედრაში წარმატებულმა ვეტერანებმა _ დავით უგრელიძემ, მერაბ თევზაძემ, მამუკა აბუსერიძემ, დავით ცომაიამ და სხვებმა, კითხვის ნიშანს ბადებს. არადა შეხვედრის ორგანიზატორი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ირწმუნებოდა, მატჩში ყველა “გურიას” ყველა წარმატებული ვეტერანი ფეხბურთელი, მიიღებდა მონაწილეობას:
“მაისის ბოლოს გახლდით უკრაინაში სპონსორის მოსაძებნად და უკრაინელები დაგვეხმარებიან სპონსორის მოძებნაში. რაც შეეხება მატჩს, ვინც ლანჩხუთის “გურიაში” თამაშობდა, ყველა მოვა.”
დაპატიჟეს თუ არა ლანჩხუთის “გურიას” ყოფილი ფეხბურთელები 27 ივლისის ღონისძიებაზე? როგორც ერთ-ერთი ვეტერანი, დავით უგრელიძე ამბობს, მას არავინ შეხმიანებია. ასევე, არავინ დაკავშირებია მერაბ თევზაძეს. ისინი უგრელიძე არც იმას უარყოფენ, რომ, შესაძლოა, ტელეფონით დაერეკათ, მათ კი რაღაც მიზეზების გამო ვერ უპასუხეს: “მაგრამ თუ მოწვევა უნდოდათ, შეეძლოთ, სახლის ტელეფონზე დაერეკათ, ან ტექსტური შეტყობინება გამოეგზავნათ,” _ გვითხრა უგრელიძემ.
სულ ცოტა ხნის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფეისბუკის ვებგვერდზე, “გურიას” ახალი დირექტორის კობა მირზაშვილის კომენტარი დაიდო, სადაც ის ამბობს, რომ მას ჰქონდა მცდელობა, მოეწვია თამაშზე ყოფილი ვეტერანი ფეხბურთელები, მაგრამ ზოგისგან უარი მიიღო, ზოგმაც კი სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
“როცა ღონისძიების ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებდით, გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ მთხოვა ყველა იმ ფეხბურთელისთვის დამერეკა და დამეპატიჟებინა, ვინც ოდესმე „გურიაში” თამაშობდა. პირადად ვესაუბრე გია გილიგაშვილს, რომელიც თბილისში არ იმყოფებოდა, ვესაუბრე გია იმნაძეს, რომელმაც მადლობა გადამიხადა და, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ჩამოსვლა. რამდენჯერმე დავურეკე დავით უგრელიძესა და მერაბ თევზაძეს, მათ ჩემს ზარებს არ უპასუხეს. ამჟამად ლანჩხუთში არ ვიმყოფები, როცა ჩამოვალ ყველა იმ შეკითხვას გავცემ პასუხს, რაც „ლანჩხუთის გურიას” ირგვლივ არსებობს,” _ წერს კობა მირზაშვილი.
თავად გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძე ყოფილი ვეტერანი ფეხბურთელების ღონისძიებაზე არყოფნის გამო აგორებულ სკანდალზე ასეთ განცხადებას აკეთებს:
“ხმაურზე მეტად დღეს „გურიას” დახმარება და გვერდით დგომა სჭირდება. კობა მირზაშვილს ვთხოვე გაეფრთხილებინა ყველა, ვისაც ფეხბურთთან და „გურიასთან” კავშირი ჰქონდა. კახა ებრალიძე ფედერაციის პრეზიდენტია. როგორც ვიცი, კობამ მას შესთავაზა ეთამაშა და ის ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება „გურიას” ირგვლივ არსებულ ხელისშემშლელ ფაქტორებს, ვფიქრობ, ასეთი ძალიან ბევრი რამ არსებობდა, თუმცა, ამაზე ლაპარაკი ახლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, 27 ივლისის ღონისძიება ძალიან კარგი გამოვიდა. კარგი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინულ პრესაშიც.”
ინფორმაციას, რომ გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს შესთავაზეს თამაში, “გურია ნიუსთან” თავად ებრალიძე ადასტურებს, თუმცა ის ბანკეტზე არავის დაუპატიჟებია, არ მოუწვევიათ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელი პირები.