პატიმართა თქმით, პირველ ეტაპზე პროტესტის ნიშნად შიმშილობას 50 მსჯავრდებული დაიწყებს, რამდენიმე დღეში კი , როგორც ისინი ვარაუდობენ, აქციას ასობით მსჯავრდებული შეუერთდება: “ჩვენ უკანონოს არაფერს ვითხოვთ. პირველ რიგში, გვსურს, რეალურად ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის 25-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს უფლება ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. ამ მუხლის მიხედვით ყველა პატიმარს, ვისაც ამნისტია შეეხო, უფლება აქვს მისი საქმის გადახედვა მოითხოვოს. სამწუხაროდ, ამ კანონზე ყველა თვალს ხუჭავს, პატიმრებს კი ატყუებენ, ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას დაელოდეთო. საინტერესოა, როდის იქნება ეს კომისია? თუ წელს როგორმე მიიღეს აღნიშნული კანონი, კომისიის ფუნქციონირება მომავალი წლიდან ან დაიწყება ან არა.
ამას გარდა, ასობით პატიმრის მოთხოვნაა, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის საქმიანობის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. საქმე იმაშია, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების საქმეს იხილავს სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭო, რომელსაც ზურაბ ჯიბღაშვილი ხელმძღვანელობს. მის განათლებასა და კომპეტენციაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს. იმას კი ვიტყვით, რომ მის მიერ შედგენილი დასკვნებით, თითქოს, განზრახ აბოროტებენ პატიმრებს. პირობით ვადამდე გათავისუფლებას საშუალოდ 400-600 პატიმარი ითხოვს, აქედან, მხოლოდ 30-40 კაცი კმაყოფილდება, დანარჩენებს კი უარით ისტუმრებენ. კომისიის თავმჯდომარე ჯიბღაშვილი ყველა კანონს უგულებელყოფს და პირდაპირ აცხადებს უარს პატიმრების ვადამდე გათავისუფლებაზე
მესამე მოთხოვნა სასჯელთა შეკრებითობის რეალურად გაუქმებაა. აღნიშნული კანონი ვითომ მიიღეს, მაგრამ ეს შეღავათი ე. წ. სააკაშვილის პატიმრებს შეეხოთ მხოლოდ. სინამდვილეში ესეც აბსურდამდე მივიდა. სააპელაციო სასამართლო, რომელიც ამ კატეგორიის საქმეებს იხილავს, ძირითადად ერთ დღესაც არ უკლებს პატიმრებს, რისი უფლებაც მას არ აქვს. მიმდინარე წლის აპრილში, რუსთავის N16 დაწესებულებიდან 1000-მდე მსჯავრდებულის ხელმოწერილი მიმართვა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაეგზავნა, სადა სწორედ ვადამდე პირობით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვწერდით. ივნისში ანალოგიური შინაარსის წერილით კვლავ მივმართეთ პრემიერ-მინიტრსა და სასჯელაღსრულების მინისტრს. წერილს 500 მსჯავრდებული აწერდა ხელს, თუმცა, რეაგირება არც ერთ ჩვენს მიმართვას არ მოყოლია.”
ქსნის N15 დაწესებულების პატიმრებმა “გურია ნიუსს” საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, მთავარ პროკურორ კბილაშვილის და სასჯელაღსრულების სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს დავით კოჭლამაზაშვილის სახელზე გაგზავნილი განცხადებებიც მიაწოდეს. პატიმრები ორგანიზაცია _ “ხელისუფლების დანაშაულებათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა დაცვის კავშირის სახელით” ითხოვენ მათ წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრას: “როგორც მოგეხსენებათ, ათამდე განცხადება-საჩივრით მაქვს თქვენდამი მომართული, მაგრამ რატომღაც ზერელე რეაგირების გარდა ვერაფერი სასიკეთო ვერ დავინახე. თქვენი ზერელე დამოკიდებულების გამო ჩემს გარშემო შეიქმნა უმძიმესი გამოუვალი მდგომარეობა _ საქმე უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხება ამის პირდაპირი მნიშვნელობით,” _ წერს ერთ-ერთი მსჯავრდებული ზემოხსენებულ ადრესატებს.
ქსნის N15 დაწესებულების პატიმრებმა შიმშილობა გუშინ დაიწყეს. დღეს “გურია ნიუსს ” სასჯელაღსრულების სამინისტროში უთხრეს რომ მოშიმშილეთა რაოდენობა ” საგრძნობლად შემცირდა”: “მოშიმშილე პატიმრების რაოდენობა საგრძნობლად 61-დან 36-მდე შემცირდა. რაც შეეხება ეკა ბესელიას დაგეგმილ შეხვედრას მოშიმშილე პატიმრებთან ის ხვალ შედგება,” _ უთხრა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ “გურია ნიუსს”.