წერილის უშუალო ადრესატი იმ რეკომენდაციის შესახებ, რომელიც მას საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგმა ე.წ “ტრაქტორების საქმეზე” მიწერა, კომენტარს არ აკეთებს.
თომას ჰამარბერგი ლაშა ნაცვლიშვილს წერს, რომ მისი წარმოდგენით სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ ე.წ. “ტრაქტორების საქმეზე” პატიმრობაში მყოფი ადამიანები, რადგან არ არსებობს არანაირი საფუძველი მათი დაკავებისა და რომ იგი ეთანხმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალოგიურ დასკვნას ამ საქმის თაობაზე.
“დაკვირვებით შევისწავლე აღნიშნული დოკუმენტი და კვლავ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის მტკიცებულებებით გამყარებული საქმე მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილად სცნეს.” _ წერს ჰამარბერგი ლაშა ნაცვლიშვილს.
გასცა თუ არა პასუხი თომას ჰამარბერგს ლაშა ნაცვლიშვილმა, მედიისთვის უცნობია.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რას ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამ უპასუხო წერილთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ისინი, რომლების პოლიტიკაში უფლებადამცველობიდან მოვიდნენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც პირადად იცნობს თომას ჰამარბერგს და როდესაც ის უფლებადამცველი იყო, არაერთხელ შეხვედრია მას. მაშინ, მთავარი სასაუბრო თემა წინა ხელისუფლების დროს არსებული დარღვევები იყო სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მხრიდან. თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს კი ხშირად ახსენებდნენ ხელისუფლებას.
მანანა კობახიძე: “თომას ჰამარბერგის კომპეტენციასა და ავტორიტეტში ეჭვი არავის ეპარება. ის სწორედ იმიტომ ჩამობრძანდა საქართველოში პრემიერის მოწვევით, რომ რეკომენდაციები მოგვცეს ადამიანის უფლებათა საკითხებში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჰამარბერგის წერილს პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს და არგუმენტირებული ფაქტები წარმოადგინოს. შესაძლებელია, პროკურატურას დრო ჭირდება, არც ამას გამოვრიცხავ და ალბათ ასეცაა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მოექცა და ბუნებრივია, მედიის დაინტერესებაც დიდია.
მე კარგად არ ვიცნობ აღნიშნული საქმის მასალებს, მაგრამ საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის. როგორიც იქნება პროკურატურის მიერ წარდგენილი ფაქტები და მასალები, ისეთი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებაც. სასამართლო რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს და მის საქმიანობაში არავინ ერევა, ამაში მგონი ეჭვი აღარავის ეპარება თუნდაც ბოლო პროცესებიდან გამომდინარე.”
შეგახსენებთ, რომ თომას ჰამარბერგმა ლაშა ნაცვლიშვილს წერილი 2013 წლის 13 ივლისს მიწერა.