_ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების არდაწყება კანონსა და დემოკრატიაზე მასობრივ ძალადობაში თანამონაწილეობას ნიშნავს. შესაბამისი პასუხისმგებლობისთვის მზად უნდა იყვნენ პარლამენტარები, რომლებსაც ხელფასს გადასახადის გადამხდელები უხდიან.
ვინც მიცნობს, იცის რომ არ ვარ მკვეთრი პოლიტიკური ცვლილებებისა თუ გადაწყვეტილებების უპირობო მხარდამჭერი.
ისიც იციან რომ კანონის დაცვა და კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის არ არის მხოლოდ პროფესიული საკითხი, ცხოვრების წესად მაქვს ქცეული. ქვეყნის პირველი პირის მხრივ კანონზე ძალადობას რეაგირება რომ არ მოჰყვეს და ამაზე ჩემი პოზიცია საჯარო არ ვთქვა მომავალი თაობის, ჩვენი შვილების წინაშე არ ვიქნები მართალი, _ ამბობს ალაფიშვილი.
მისივე თქმით, პრეზიდენტს თენგიზ გუნავასთვის ნასამართლეობის მოხსნის უფლება არ ჰქონდა:
_ ცნობილია და უკვე დადასტურდა რომ თენგიზ გუნავა პრეზიდენტმა შეწყალების აქტით არათუ სასჯელისაგან გაათავისუფლა, არამედ ნასამართლობაც მოუხსნა. სხვაგვარად გუბერნატორად ვერ დანიშნავდა, რადგანაც „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი ნასამართლობის მქონის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის საშუალებას არ იძლევა.
სხვა კოლეგებთან ერთად საჯაროდ უკვე ვისაუბრე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულის ნასამართლობის მოხსნის უფლებამოსილებას არ ანიჭებს. აი რას ამბობს კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 პუნქტი: “სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.” დავას არ იწვევს რომ თენგიზ გუნავა არ არის სასჯელმოხდილი.
სისხლის სამართლის კოდექსი ასეთი შემთხვევისათვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ან ბოროტად გამოყენებისათვის. კოდექსი ამ ქმედებას უწოდებს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას, რომელსაც უნდა მოჰყვეს პასუხისმგებლობა.
პრინციპულად მიმაჩნია ეს საკითხი გახდეს პარლამენტის მსჯელობისა და რეაგირების საგანი – მიმაჩნია, რომ იმპიჩმენტის პროცედურების არდაწყება კანონზე ძალადობაში თანამონაწილეობა იქნება.
პროცედურებსა და არსებით საკითხებს რაც შეეხება, არ ვფიქრობ რომ უზენაესი სასამართლოსათვის წერილობითი მოთხოვნის გადაგზავნისა და საკითხის კენჭისყრაზე დასმისათვის საკმარისი და თვალნათელი საფუძველი არ იყოს ან დიდი დრო დასჭირდეს, ამისთვის საკმარისია 2 თვე.
სხვათაშორის ეს იქნება ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ტექსტი უზენაესი სასამართლოსთვისაც. იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობს და დასკვნას გასცემს პლენუმი – პრაქტიკულად სრული შემადგენლობა. არ მგონია რომ სასამართლომ თქვას სისხლის სამართლის კოდექსის ამ ნორმაში სხვა რამ წერიაო და პრეზიდენტმა კი სხვა, კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოო.
და ბოლოს, არ ვფიქრობ რომ ჩვენს დიდ მეგობრებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს ენა მიუტრიალდეთ და საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატონ, ამით ხომ დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის – კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების საწინააღმდეგო პოზიციას დაუჭერენ მხარს, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.