სოფელ შრომის მკვიდრი, 74 წლის ლილი ბუცხრიკიძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მსგავსი წყალდიდობა დიდი ხანია არ ახსოვს:_ მახსოვს, მსგავსი წარღვნა წლების წინათ იყო, 1969, 1979 წლებში დაიტბორა სახლები, წყალი შემოვარდა საკარმიდამო ნაკვეთებში. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ახლაც, ორიოდე დღის წინ უცებ მოვარდნილმა წყალმა მთელი რიგი პრობლემები შეგვიქმნა, ჭიშკარსაც ვერ ვაღებდით. საყანე ფართობებში ტბაა, წალეკილია თხილი, მთელი ღორღი ჩამორეცხა. ხალხი დახმარებას ითხოვს. _ გვითხრა ლილი ბუცხრიკიძემ.
სოფელ შრომის რწმუნებულის, მაყვალა დარჩიას თქმით, სოფელმა ძალიან დიდი ზარალი მიიღო, საუბნო გზები მთლიანად ჩამორეცხილია და თავიდან არის აღსადგენი.
_ ხატისღელე ადიდდა და აქედან გამომდინარე საყანე ფართობებში მძიმე მდგომარეობაა. დამეწყრილ ზონებში მიწა წაიღო და ასევე თხილის და ხილის ნარგავები. ხრიალეთის უბანში სამი ხიდი თავიდან არის გასაკათებელი, ამის გაკეთება თუ არ მოხერხდა ძალიან ახლო დროში მოსახლეობა ავტომანქანით ვერ გადაადგილდება. უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები, ოზურგეთის გამგეობიდან გამოაგზავნეს მძიმე ტექნიკა. _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მაყვალა დარჩიამ.