ამ დღესთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ “ახალგაზრდული მიმართულებით უამრავი პრობლემა დაგროვდა”:
_ “საქართველოს ახალგაზრდებო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელით გილოცავთ მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს! ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
12 აგვისტო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ახალგაზრდობა სამყაროს მომავალია. ახალგაზრდობის პრობლემები კი მომავალი სამყაროს პრობლემებად შეიძლება იქცეს, თუ ისინი დღეს ყველამ ერთად არ გადავჭერით. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ახალგაზრდული მიმართულებით უამრავი პრობლემა დაგროვდა. დღეს ვცდილობთ წარსულის შეცდომების გამოსწორებას, რადგან არსებობს მთავარი – სახელმწიფოს პოლიტიკური ნება. ამ პროცესებში კი ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ: სახელმწიფომ თავისი პასუხისმგებლობით, ახალგაზრდებმა – უკომპრომისო სამოქალაქო პოზიციით.
ახალგაზრდობა ცხოვრების ყველაზე ლაღი პერიოდია, ამიტომ გისურვებთ, ნურასოდეს დაკარგავთ ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელ სილაღეს, პირდაპირობას, შეურიგებლობასა და პიროვნულ თავისუფლებას, დარჩით თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებად, რომ ყოველთვის შევძლოთ დანარჩენ თავისუფალ სამყაროსთან ერთად ვიზეიმოთ 12 აგვისტო – მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე!“, _ აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.