სპორტსმენს პრობლემები აეროპორტში პასპორტის შემოწმებისას შეექმნა. წულუკიძე ფიქრობს, მას რელიგიური ნიშნით დევნიან.
“მივდიოდით შეჯიბრებაზე, იქამდე “სბორები” გავიარეთ. აეროპორტში რომ მივედით, ჩვეულებრივად ჩანთა ჩავაბარე და ჩასხდომამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც პასპორტი მივაწოდე, მითხრეს, რომ წითელ ზოლში ვარ და შეჯიბრებაზე ვერ წავიდოდი, ტრენერებმა მაშინვე ლუკა კურტანიძეს დაურეკეს. ბოლოს, ბილეთი გადავცვალეთ იმ იმედით, რომ რომ თუ პრობლემა მოგვარდებოდა, მეორე დღეს გავფრინდებოდი. მართლაც, მეორე დღეს დავურეკე კურტანიძეს, რომელმაც მითხრა, შანსი არაა, ვერ წახვალ, პრობლემა გაქვსო. რა პრობლემა მქონდა, მაგას არავინ მეუბნებოდა. არც დღეს ვიცი რა გახდა ნაკრებიდან ჩემი გამოთიშვის მიზეზი. კურტანიძემ კი მითხრა დაგეხმარები, რომ წითელი ზოლიდან ამოგშალონო, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ და ვერსად მივდივარ,” _ ამბობს ფირუზ წულუკიძე “გურია ნიუსთან”.
გუშინ ჭიდაობის ფედერაციამ სპორტსმენის რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტი უარყო. პრესსამსახურის უფროსის ხათუნა მიქაცაძის თქმით, წულუკიძე ტრავმის გამო ჩაანაცვლეს სათადარიგო სპორტსმენით, რომელიც ასევე მუსულმანია: “აბსოლუტურად უსაფუძვლოა განცხადება, თითქოს ფირუზ წულუკიძე უშიშროების სამსახურმა რელიგიური ნიშნით დაბლოკა და ჩემპიონატზე არ გაუშვა. მოჭიდავე, რომელმაც წულუკიძე ჩაანაცვლა და კიდევ ბერძნულ-რომაული ახალგაზრდული ნაკრების სამი წევრი, არის იგივე რელიგიური აღმსარებლობის. ყველანაირ მორალურ საზღვარს სცილდება, როცა ვიღაც ცდილობს რელიგიური თემით მანიპულირებას იმ დროს, როდესაც ისედაც დაძაბულია ამ მხრივ ვითარება. ვინმე თემურ ბახუნდარიძე თქვენს სტატიაში აცხადებს, რომ წულუკიძეს რელიგიური ნიშნით დევნიან. ეს რომ ასე იყოს, მაშინ მას არ ჩავანაცვლებდით მუსულმანური აღმსარებლობის სპორტსმენით _ შმაგი ბოლქვაძე, რომელიც არის მისი თანასოფლელი და მეზობელი, ასევე მუსულმანია. მუსულმანები არიან ნიკა ცეცხლაძე, ირაკლი შავაძე, ახალგაზრდული ნაკრების სულ ოთხი წევრი,“_ ამბობს ხათუნა მიქაცაძე.
ფირუზ წულუკიძე კი აცხადებს, რომ არანაირი ტრავმა არ მიუღია და თავს მშვენივრად გრძნობს: “არანაირი ტრავმა არ მქონია, ნაკრებში პირველი ნომერი ვიყავი. რაღაცა პრობლემები იყო მეორე ნომერთან დაკავშირებით და “სბორებზე” ჩამოვიდნენ კურტანიძე და კიდევ ვიღაცეები, მათ თვალწინ ვიჭიდავე და და ყველას მოვუგე სხვათაშორის. თუ ტრავმირებული ვიყავი, მაშინ აეროპორტში რატომ მიმიყვანეს, ადრე ეთქვათ. არანაირი ტრავმა არ მაქვს და მშვენივრად ვგრძნობ თავს.”
სპორტსმენის თქმით, პრობლემები მას წვერის გამო შეექმნა. მწვრთნელებმა წვერის გაპარსვა რამდენჯერმე სთხოვეს, რადგან, მათი თქმით, ამას ჭიდაობის ფედერაცია ითხოვდა კატეგორიულად: “ჩემთან აქვთ პრობლემა წვერთან დაკავშირებით. ოღონდ გავეშვი ჩემპიონატზე და წვერიც კი დავიდაბლე, მაგრამ არაო, არ არის ეს საკმარისიო, უნდა მოიპარსოო. მწვრთნელებმა მთხოვეს წვერის გაპარსვა, ჭიდაობის ფედერაციიდან გვაწუხებენო, გვთხოვენო. მოკლედ, ამ წვერის გამო არსად აღარ მიშვებენ და რა უნდა ვქნა არ ვიცი. საზღვარგარეთ შეჯიბრებაზე თუ ვერ წავედი, მარტო საქართველოში ჭიდაობას რა მნიშვნელობა აქვს? ვაჰაბისტებთან და ტერორისტებთან კავშირში თუ მდებენ ბრალს, დამიჭრონ, ეს შეჯიბრებაზე არგაშვება რაღაა ვითომ?!”_ ამბობს წულუკიძე.
წულიკიძის მეგობარმა თემურ ბახუნდარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თემურ კვანტალიანი რელიგიური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა: “ეს პრობლემა 1 თვეა დაიწყო _ 3-4 ჯერ დამიბარეს უშიშროების სამსახურში და მითხრეს, რომ სამწვრთნელო საქმიანობა უნდა შემეწყვიტა. მე მწვრთნელი ვარ, ამიკრძალეს ისლამის მოწოდება, ამიკრძალეს ბავშვებთან ურთიერთობა. მე რომ არ დავეთანხმე, ბავშვებზე დაიწყეს ზეწოლა _ მივიდნენ მშობლებთან და გააფრთხილეს, ბავშვები არ ატაროთ, თორემ პრობლემებს შეგიქმნითო. ფირუზიც არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს და აგრძელებდა აქტიურ მუსულმანობას. ამიტომაც შეუქმნეს პრობლემები. უთხრეს წვერი გაიპარსეო, რაზეც უპასუხა, სულ ვერ გავიპარსავ და დავიმოკლებო. დაიმოკლა კიდეც, მაგრამ მაგრამ ამათთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი,”_ ამბობს ბახუნდარიძე.