მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის მონაწილეების, მათ შორის, მისი უშუალო ამსრულებლების, პატიმრობაში მყოფი, ქ.თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების – გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძის, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილის, გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ.
შესაბამისად, დანაშაულის სრულად გახსნის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, დასახელებული პირების მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებისა და მათი ქმედითი დახმარებით შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უდავოდ დადასტურებულია, რომ 2011 ოქტომბერში, თამაზ თამაზაშვილის დაკავება განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, კახეთის რეგიონში მისი ელექტორალური შესაძლებლობების განეიტრალებისა და ზოგადად, იმდროინდელი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით.
დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, თამაზ თამაზაშვილისათვის დანაშაულის დაბრალების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების “ჩადების” ოპერაციის ორგანიზებასა და ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, მათ შორის, მისი სატელეფონო საუბრების უკანონო მიყურადებაში ჩართული იყვნენ ამჟამად ბრალდებულები: ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, გიორგი ხიზანიშვილი, ირაკლი ქოპილაშვილი, აგრეთვე, კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დანაყოფის უფროსი, ზურაბ ლალიაშვილი.
ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე გასამართლებული თამაზ თამაზაშვილი სასჯელს იხდიდა 1 წლის განმავლობაში და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იგი, უკანონო პატიმრობიდან, გათავისუფლდა 2012 წლის ოქტომბერში.