დღის წესრიგში ფრაქციების დაშლა, ახალი ფრაქციის შექმნა და გაუქმებული ფრაქციის წევრების დარჩენილ ფრაქციებში გადანაცვლება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფრაქცია დაიშალა, ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქციების რაოდენობა ისევ შვიდია _ “დაშლა-არ მოშლის” პრინციპი აშკარად კარგად მუშაობს.
ფრაქციამ “რეალური თვითმმართველობისთვის”, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ დავით წულაძე, წევრები კი იყვნენ ზორბეგ ხუხუნაიშვილი, გოჩა კილაძე და გია ორაგველიძე, არსებობა შეწყვიტა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დავით წულაძე პარტია “ქართული ოცნების” წევრი გახდა, რეგლამენტის მიხედვით კი, პარტიის წევრს არ აქვს სხვა ფრაქციაში ყოფნის უფლება, თუ კი არსებობს ამ პარტიის ფრაქცია.
კახა პატარაიამ, რომელიც გახლდათ დავით ჩხაიძის ფრაქციის “მაჟორიტარების” წევრი, დატოვა ფრაქცია და შექმნა ახალი, რომლის სახელწოდებაა “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის.” ახალშექმნილი ფრაქციის წევრები გახდნენ დავით წულაძის ფრაქციიდან გადმოსული ზორბეგ ხუხუნაიშვილი და გოჩა კილაძე. დავით ჩხაიძეს დარჩა ორი წევრი და მისი ფრაქცია იშლებოდა, მაგრამ იქ შევიდა დავით წულაძის ფრაქციიდან გამოსული გია ორაგველიძე და ფრაქცია “მჟორიტარები” შენარჩუნდა.
ვიდრე სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ილია გვარჯალაძე დავით წულაძის ფრაქციის დაშლასთან დაკავშირებით ისაუბრებდა, თავად წულაძემ დაასწრო და განცხადება გააკეთა: “ცდილობდნენ ჩემი ფრაქციის დაშლას და მოახერხეს კიდეც. არ მსურს ფრაქცია, პარტია მირჩევნია და არ ვაპირებ მის დათმობას.
შევქმენი ფრაქცია და დავარქვი “რეალური თვითმმართველობისთვის”. მეგონა, ცოტა აზრზე მოვიდოდნენ ადამიანები და ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ დღეს სიტუაცია უმართავია. თავიდანვე ვამბობდი, “ბარდაგ-ბალაგანია”,-მეთქიდა ასეცაა. მე მქონდა ორი არჩევანი _ ან ფრაქცია დამეტოვებინა ან პარტია. მე არ ვუღალატებ ჩემს პრინციპებს თქვენგან განსხვავებით, ამიტომ უარს ვამბობ ფრაქციაზე, მაგრამ პარტიას არ ვტოვებ. დაჩქარებული წესით მოიწვიეთ კომისიის სხდომა, იმიტომ, რომ გაიძულეს, ბატონო ილო. ფრაქციის ხელმძღვანელობის ორი თვის ხელფასი მაქვს აღებული და იმასაც დავაბრუნებ უკან,” _ თქვა დავით წულაძემ და სხდომა დატოვა.