თუმცა, ზუსტი დრო, როდის მოხდება ქართველი მეფეების ნეშტების გადმოსვენება, ჯერ კიდევ უცნობია.
პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს: “ქართველ მეფეთა ნეშტების გადმოსვენების შესახებ სექტემბერში, ასტრახანში კონფერენცია გაიმართება. ამის შემდეგ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ ხდება ეს და რა წერია მეფეთა ანდერძებში.”
მკითხველს შევახსენებთ, რომ ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტების ასტრახანიდან გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქს საქართველოს პატრიარქმა გასული წლის ნოემბერში მიმართა. 13 დეკემბერს გაიმართა პირველი სხდომა რუსეთის პატრიარქის მიერ შექმნილი კომისიისა. სხდომაზე რუსულმა მხარემ არსებული მასალების შესასწავლად დრო ითხოვა.