ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში მოიცავს 2013 წლის თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დამკვირვებლები ესწრებოდნენ სასამართლო სხდომებს, სადაც მაღალი თანამდებობის პირების – ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა გვარამიას, თენგიზ გუნავას, მეგის ქარდავას, გეგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის – საქმეები იხილებოდა.
ბაჩო ახალაიას საქმე:
სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით: მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ბაჩანა ახალაია ჯარისკაცების აბაზანაში ჩაკეტვაში უშუალოდ არ მონაწილეობდა. მათი ინფორმაციით, მინისტრმა გასცა ბრძანება სიტყვით “მოასვენეთ”, რაც. პროკურატურის მოწმეთა ვარაუდით, სწორედ აბანოში ჩაკეტვას გულისხმობდა. ამასთანავე, მოწმეთა ჩვენებებით არც ის დასტურდება, რომ თავისუფლების აღკვეთის პერიოდში აბაზანაში პირობები უშუალოდ ბაჩანა ახალაიას მითითებით გაუარესდა (იგულისხმება გათბობის გამორთვა).
ვაზიანის ეპიზოდთან დაკავშირებით: საქმეში წარმოდგენილი იყო ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები. ისინი დაცვისა და ბრალდების მხარეებმა წარმოადგინეს. ამასთანავე, დაუდგენელია, რომელი მხარე აძლევდა ცრუ ჩვენებას.
აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდთან დაკავშირებით: პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურის 3-მა ძირითადმა მოწმემ ჩვენება შეცვალა. მათი ახალი ჩვენებები გამორიცხავდა ბაჩანა ახალაიას დანაშაულში მონაწილეობას. სამივე მოწმე პროკურატურის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე და ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემის იძულებაზე საუბრობდა.
რეინჯერის კურსის საქმე: დაზარალებულთა თქმით, მათ მიმართ ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა ხორციელდებოდა, მათ შორის, თავად ბაჩანა ახალაიას მიერ, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ერთ შემთხვევაში დაზარალებულს ხელისგულზე ჰქონდა დაწერილი სხვა დაზარალებულთა ვინაობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს მისი ჩვენების მიმართ კითხვის ნიშნებს უჩენს. გარდა ამისა, ბრალდების ერთ-ერთმა მოწმემ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მას აიძულეს ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ გამოსვლა, თუმცა იძულების ფაქტი დადასტურებული არ არის.
დაცვის მხარის მოწმეთა განცხადებით, ფსიქიკური ძალადობა ე. წ. რეინჯერის კურსის ნაწილი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, პროცესზე არ ყოფილა წარმოდგენილი კონკრეტული დოკუმენტი, რომელშიც ამ კურსის მომზადების მეთოდოლოგია იქნებოდა ჩამოყალიბებული.
ციხის ბუნტის ეპიზოდზე, იმის გამო რომ საქმე არსებითად არ განხილულა და არც მოწმეებს მიუციათ ჩვენებები; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაკვირვების შედეგები არ წარმოუდგენია.