ამის შესახებ “გურია ნიუსს” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, არსებობს იმის მოლოდინი, რომ დიმიტრი კოპალიანი მალე ქუთაისის მერის თანამდებობას დატოვებს.
მამუკა მღვდელაძის თქმით, კოპალიანი სუსტი მერი გამოდგა და მას არ გააჩნია ის უნარჩვევები, რომელიც წარმატებულს გახდის როგორც ქალაქის მერს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ქუთაისის მერი, როგორც პიროვნება და პროფესიონალი, დასაკარგი კადრი არ არის და მისი რესურსი გაცილებით გამოყენებადი და საჭირო მეცნიერებაში იქნება.
აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე კოპალიანის იმპიჩმენტის საკითხი უნდა გავიდეს, რასაც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბოლომდე ვერ ადასტურებს. მღვდელაძის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ იმპიჩმენტი არაა საკმარისი.
“დიმიტრი კოპალიანი პატიოსანი ადამიანია, ასეთი პატიოსანი კაცი ჯერ არ მინახავს. თუმცა, სუსტი მერია და არ გააჩნია ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას წარმატებულ მერად აქცევს. თუმცა, ის, როგორც პროფესიონალი, არ არის დასაკარგი კადრი და მისი ადგილი, ალბათ, უფრო მეცნიერებაშია,” _ განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ.
ჯერჯერობით, საუბარი არ არის დიმიტრი კოპალიანის შემცვლელზე, თუმცა, სავარაუდოდ, მას დროებით რომელიმე ვიცე-მერი ჩაანაცვლებს.