_ კურორტს მხოლოდ ჰაერი არ უშველის. არანაირი სურვილი არ გაუჩნდება ტურისტს, აქ რომ დაისვენოს. უამრავი პრობლემაა ბახმაროში და ამ ყველაფერს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს და გული შესტკივა კურორტზე, _ ამბობენ ჩვენთან საუბრის დროს დამსვენებლები.
ნატო ჯაფარიძე, წლების განმავლობაში, კურორტ ბახმაროს დამსვენებელია და ტრადიციას არ ღალატობს. მისი თქმით, ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემებია: “არ დაიჯერებთ, მაგრამ რეალობაა _ “ელექტრიკმა” დამსვენებლებისგან აიღო ფული და ახლა ეს ადამიანი ძებნაშია. დიახ, ვეძებთ. ის ფული, რომელიც ხალხმა მას მისცა, შუქის ფული იყო. “ენერგო -პრო ჯორჯიას” თანამშრომლები ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, რომ თუ ეს ადამიანი არ გამოჩნდა ან თავიდან არ გადაიხადა დამსვენებლებმა თანხა, შუქი არ გვექნება. ახლა ჩაგვირთეს, მაგრამ სამი დღით (საუბარი ჩაწერილია 23 აგვისტოს, ავტ). როდესაც დამსვენებლები მოვიდნენ ბახმაროში, ყველამ გადაიხადა ფული, ზოგმა “ლიბერთი ბანკის” მოძრავი მანქანით და ზოგმა “ელექტრიკს” ჩააბარა. რა თანხაც იყო ასაკრეფი, შეაგროვა და როგორც წესი, მთელი სეზონის განმავლობაში შუქი უნდა გვქონოდა. ახლა შუქი გამოირთო. ვიღაც “ელექტრიკი”, რომელმაც ფული აკრიფა მოსახლეობისგან, ბოდიში ჟარგონისთვის, “მოტყდა” და წავიდა. კურორტის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ ეს ამბები ჩვენ არ გვეხებაო, ჩოხატაურის გამგებელსაც მივმართე, რა ვქნა, ეს კახი კალაძის სამინისტროს ექვემდებარებაო. ვერ გავარკვიე, რა შუაშია აქ ენერგეტიკის სამინისტრო. ყველა გვამისამართებს სამინისტროებში. აქაური ადმინისტრაცია რას გვიკეთებს? პასუხს არავინ იძლევა. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას. როგორ შეიძლება ასეთი რამ?! აქ დამსვენებლები ოქტომბრის შუა რიცხვებამდე არიან და შუქის გარეშე როგორ იქნებიან? როცა შუქია, მაშინაც “კარალიოკივით” ანათებს _ ვერაფერს ვერ ვხედავთ. წლებია აქ დავდივარ და სულ პრობლემებია, არაფერს ვამბობ კომუნისტების პერიოდზე,” _ გვითხრა ნატო ჯაფარიძემ.
ჩვენ კიდევ ათეულმა ადამიანმა მოგვმართა:
_ ძალიან დაბინძურებულია კურორტი. დოღამდე ორი დღით ადრე, თუ რამე არის გასაკეთებელი, კეთდება და შემდეგ აღარ უნდა გაგრძელდეს? ორი დღით ხომ არ უნდა ვარსებობდეთ, ანუ დოღისთვის?! _ გვითხრეს დამსვენებლებმა.
ოთარ ძნელაძე ბახმაროში თბილისიდან ჩავიდა: _ გუშინ ამოვედი. ჩემს სახლში არც შუქია და ყველაფერი არეულ-დარეულია. ეს ტერიტორია ვის ეკუთვნის, ვერ გავიგეთ. ვის არ მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ, _ თქვა მან ჩვენთან საუბრისას.
_ ბახმაროში შუქის საკითხი აბსოლუტურად გაურკვეველი და ბუნდოვანია. ვისაც მხოლოდ ერთი ნათურა აქვს, იმას ახდევინებენ 50 ლარს თვეში. ვისაც კომფორტული კოტეჯი აქვს, ისინი 100 ლარს იხდიან. ცოტა გამოდგა ისეთი, ვინც ბანკში წავიდა და გადაიხადა, დიდმა ნაწილმა ხელზე გადაიხადა ფული. დაბალი ძაბვაა, შუქი ხშირად ითიშება. დიდი განუკითხაობაა, რაც ძალიან დიდ ეჭვს ბადებს. ვერ ვხვდები, რატომ არ არის მრიცხველები ამ დრომდე, _ გვითხრა კიდევ ერთმა დამსვენებელმა მარინა სუნგულიამ.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, თამაზ ჯინჭარაძეს დაუკავშირდა: _ რაც გავარკვიე, არის ის, რომ ბახმაროში 6 ტრანსფორმატორია. აქედან ხუთ ტრანსფორმატორზე პასუხისმგებელი არის ის აიპი, რომელიც შეიქმნა ბახმაროსთან დაკავშირებით. ერთ ტრანსფორმატორზე, როგორც ვიცი, პასუხისმგებლობას იღებს “ენერგო- პრო ჯორჯია”. იმდენად დაძაბულ რეჟიმში ვმუშაობ, არ დამირეკავს “ენერგო -პრო ჯორჯიაში” დაზუსტებით არ ვიცი, რა ფული არის აკრეფილი და რა მოხდა.
_ როგორც გვითხრეს, თქვენ ხშირად გიკავშირდებიან სხვადასხვა პრობლემების შესახებ. დამსვენებლები ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, რომ ბახმაროში თუ რამე კეთდება, ეს ხდება მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, რომ დოღს უმასპინძლოთ. ასევე საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემაზეც, ხშირად არ სუფთავდება გარემო.
_ რომ ამბობთ, დოღისთვის ემზადებით და დოღის მერე მთავრდება ყველაფერიო, ასე არაა. ფორსმაჟორულად მოხდა ყველაფერი და ამიტომაა ასე. წინა წლებში ერთი ადამიანი ადიოდა და მარტო ის მოსახლეობისთვის პრობლემებს ვერ მოუგვარებდა. ჩავთვალოთ, რომ წლევანდელი წელი მომავალი წლისთვის მოთელვა იყო და დაიწყება პრობლემების მოგვარება. ააიპ “ბახმარო” შეიქმნა ივლისში და პრობლემების მოგვარებაც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ყველაფერი ჩქარ ტემპში და გვიან დაიწყო. თუმცა, რაღაც სიახლები წელსაც იყო და მომავალ წელსაც გაგრძელდება. უფრო დაიხვეწება ყველაფერი. რაც შეეხება დასუფთავების პრობლემას, ჩოხატაურს ჰყავს ორი ნაგავმზიდი, აქედან ერთი ბახმაროზე არის მიმაგრებული და ერთი რაიონში დარჩა, ბახმაროდან ნაგვის გამოზიდვა ხდებოდა რაიონში და აქედან გამომდინარე, რაღაც ხარვეზები დაფიქსირდებოდა.
“გურია ნიუსი” ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, დაკავშირებოდა “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის ოფისის მენეჯერს, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო. ჩვენ ისევ ვეცდებით, როგორმე დავუკავშირდეთ მას და მისი კომენტარი შემოგთავაზოთ .
პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 2012 წლის ზაფხულში ამბობდა: “ყველა უნდა ამოვიდეს ბახმაროში და ნახოს ის ნამდვილი სასწაული, რომელიც აქ არის. თქვენ ამოხვედით ძალიან მაგარი გზით, რადგან ჩვენი დიდი ხნის სურვილი ასრულდა. მეორე _ თქვენ ნახეთ, რომ პირველად ბახმაროზე ცენტრი კეთდება ძალიან მაგრად. გაკეთდა კულტურული ობიექტები, სავაჭრო ობიექტები, შესაკრები ადგილები და, ერთი სიტყვით, ბახმარო ნამდვილ თანამედროვე კურორტს ემსგავსება, თუმცა, ბახმარო ჩვენ ვიცით მარტო ზაფხულში. ზამთარში ესაა ადგილი, სადაც არაფერი ხდება. ჩვენ უკვე დავაყენეთ ქარის რადარები, წელს ვიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს და ბახმაროში სათხილამურო კურორტის კეთებას. ბახმარო არავისზე ნაკლები არაა. აქ უნდა იყოს დასვენება ზამთარ-ზაფხულს”.




































































