_ მე დღეს მომეცა საშუალება გავცნობოდი გამოხმაურებას გუშინდელ ჩემს პრესკონფერენციასთან დაკავშირებით და, გულწრფელად ვიტყვი, გამაკვირვა ევრაზიულ კავშირზე ჩემი პასუხის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა.
საოცარია, რამ გამოიწვია ზოგიერთი პოლიტიკოსის ასეთი შეფასებები, მაშინ როდესაც ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დღემდე, პირადად მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა ათასჯერ განვაცხადეთ ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პოლიტიკის შესახებ, ხოლო პრესკონფერენციამდე ერთი დღით ადრე, ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას სულ ცოტა სამჯერ აღვნიშნე, რომ ქვეყნის ძირითადი სტრატეგია ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.
გუშინდელ პრესკონფერენციაზე ევრაზიული კავშირის თემაზე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხე: ,”რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს საინტერესო იქნება, რატომაც არა?!”
როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვისთვისაც გუშინდელ ჩემს სიტყვებს განმარტება სჭირდება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ – თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?!
საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ მოვაწესრიგოთ ეს ურთიერთობები ყველასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც.
რაც შეეხება ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენელს აწყობს ამით მანიპულირება. მუდმივად მტრის ხატის შექმნა მხოლოდ მათ სასიცოცხლო ინტერესებშია, რათა დამალონ ის ბრალეულობა, რომელიც მიუძღვით ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ უკვე ათასჯერ გაცხადებულ ქვეყნის ძირითად სტრატეგიას – ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას საქართველოსთვის ალტერნატივა არა აქვს – ეს ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედია, _ აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.