8-სულიანი ოჯახი სოფელ გურიანთის ერთერთ დასახლებაში _ “ზეგანში”, განმარტოებით ცხოვრობს. გელა აროშიძემ და მისმა მეუღლემ ცხოვრება ე. წ. ვაგონში დაიწყეს, სადაც დროთა განმავლობაში, შვილების გაზრდის შემდეგ, როგორც თავად აროშიძე აცხადებს, ააშენეს პატარა ოთახი, რომელიც უკვე ქოხს მაინც ჰგავს. მრავალსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
_ ძალიან გაუსაძლისად ვცხოვრობთ. ვითხოვთ, რომ იქნებ ახალგაზრდებმა სადმე დაიწყონ მუშაობა. ნუთუ, არსად რაიმე სამუშაო არაა? თურქეთში დადიან ლუკმა-პურისთვის, რომ მათი მცირეწლოვანი შვილები მშივრები არ იყვნენ, თუმცა, სამუშაოს შოვნა იქაც გამართლებაზეა. ძალიან ვიწროდ ვართ ამ ქოხში, მალე გზაც აღარ იქნება, ისეა ჩამოშლილი, _ გვითხრა გელა აროშიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის რწმუნებული ბახვა კვერღელიძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ რამდენჯერაც დასჭირდა, ყოველთვის დაეხმარა ამ ოჯახს: _ თუ სოციალური დახმარება ამ ეტაპზე არ აქვთ, ესეც მათი ბრალია, რადგან ოჯახის წევრები ხშირად გადაადგილდებიან ხოლმე და მუდმივად იცვლიან საცხოვრებელ ადგილებს _ ხან სად ათევენ ღამეს და ხან _ სად. მათ ჰქონდა დახმარება და ისევ დაუნიშნავენ. რაც შეეხება გელა აროშიძეს, ის შრომისუნარიანია და როცა სოფელში რაიმე სამუშაო გამოჩნდება, ყოველთვის ვასაქმებ ხოლმე. ამიტომ არ მესმის, რა დახმარებას ითხოვენ ისინი, _ ამბობს კვერღელიძე.