რომლებსაც მანამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა (ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით). როგორც ირკვევა, 2011 წლიდან იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს ოფშორული ჰოლდინგები ფლობს, იაკობაშვილის ცნობადობა კი ქართულ საზოგადოებაში ძალზე დაბალი იყო, მისი კავშირები მხოლოდ მთავრობის ცვლილების შემდეგ გახდა საჯარო.
დავით კეზერაშვილს – შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსს, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს – კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ, მას ბრალად ედება 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება უკრაინიდან საქართველოში ეთილის სპირტის შემოტანის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის.
არჩევნების შემდეგ კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა დავით იაკობაშვილმა შეიძინა.
Forbes Russia იაკობაშვილის ქონებას 950 მლნ. აშშ დოლარად აფასებს. იაკობაშვილი რძისა და წვენების მწარმოებელი რუსული კომპანიის Wimm-Bill-Dan-ის თანადამფუძნებელი, აქციონერი და თავმჯდომარე იყო. Wimm-Bill-Dan-ი PepsiCo-მ 2010 წელს 4.2 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. SEC-ის 2011 წლის მონაცემებით, მან რუსეთში დააარსა და განავითარა რიგი “მსხვილი სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, სამთო და გასართობი ჰოლდინგები”. იაკობაშვილი ამჟამად Sistema JSFC-ის გამგეობის დამოუკიდებელი წევრია (ფლობს 0.0031%-იან წილს). საკუთარი ვებსაიტის თანახმად Sistema რუსეთსა და დსთ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც ინვესტიციები აქვს ტელეკომუნიკაციების, მაღალი ტექნოლოგიების, ნავთობისა და ენერგეტიკის, რადარებისა და კოსმოსის, საბანკო, საცალო, მასმედიის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მომსახურების სფეროებში. იაკობაშვილი აქტიურად მონაწილეობს რუსეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და სხვა ბიზნესასოციაციების საქმიანობაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და ევროპული დემოკრატიის ფორუმის ეკონომიკურ მრჩეველთა სენატში.
იაკობაშვილის აქტივები საქართველოში:
იაკობაშვილმა “სმოდ ედვერთაიზინგი” 345,000 აშშ დოლარად შეიძინა Milarm International Corp-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) მეშვეობით. 2013 წლის მაისში იაკობაშვილის წარმომადგენელმა საქართველოში, ალექსანდრე ბერიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა იაკობაშვილის საკუთრებაში კიდევ ერთი სარეკლამო კომპანიის “აუთდორ ჯის” არსებობა. საკუთრების ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებით ჯერ კიდევ არ ფიქსირდება, ალბათ იმ მიზეზით, რომ იაკობაშვილმა ოფშორული კომპანია Adprojects შეიძინა (“აუთორ ჯის” ერთ-ერთი მფლობელი) და არა თავად “აუთდორ ჯი”.
იაკობაშვილმა “უნივერსალ კაპიტალ გრუპი” (UCG) 2 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა და მას Gannado Worldwide-ისა (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) და Redeli Management Limited-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) საშუალებით ფლობს.
Gannado Worldwide-ის მეშვეობით იგი ასევე ფლობს 90%-იან წილს “კაზინო აჭარაში”, რომელიც მან 2011 წლის მაისში 8,72 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.
ნოემბერში იაკობაშვილი “სან პეტროლეუმ ჯორჯიას” ძირითადი აქციონერი გახდა (კომპანია ოფიციალურად დელავერის შტატში რეგისტრირებულ Energy Investment Venture Holdings-ს ეკუთვნის). 2012 წლის ნოემბერში “სან პეტროლეუმ ჯორჯიამ” განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქციაზე უარი თქვა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, კომპანიის რა წილს ფლობს იაკობაშვილი. იაკობაშვილმა საკუთარი აქციების წილი “პეტროკას ენერჯი გრუპში” 25%-დან (რომელიც მან, გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წელს შეიძინა) 80%-მდე გაზარდა. გარიგებa 240 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. “პეტროკასი” ნავთობპროდუქტების სავაჭრო და გადამზიდავი კომპანიაა. იგი ნავთობპროდუქტებით ამარაგებს “ლუკოილს”, “სოკარს”, “რომპეტროლსა” და “გალფს”. კომპანია აქტიურ საქმიანობას ეწევა საქართველოში, თურქმენეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ვიეტნამში. გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს კომპანიის ბრუნვამ 800 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იაკობაშვილი აქციათა უმრავლესობის მფლობელი გახდა ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორ შპს “ჩენელ ენერჯიში” (ფოთი) (იმართება გიბრალტარის შპს “ჩენელ ენერჯის” საშუალებით), რომელიც სასაწყობე ობიექტებსაც აკონტროლებს. “ჩენელ ენერჯი ფოთი” შპს “ფოთი ტერმინალ ჰოლდინგში” 32,67% -იან წილს ფლობს.
იაკობაშვილის საკუთრებაშია ასევე Future Products Company, “ჩენელ ენერჯისთან” დაკავშირებული კომპანია, რომელსაც სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული Future Products Company ფლობს.
დავით იაკობაშვილს ბიზნესურთიერთობები ჰქონდა საქართველოს მოქმედ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთანაც. 2012 წლის მარტში ივანიშვილის აგროსამრეწველო კომპანია “სტოილენსკაია ნივამ” (Stoylenskaya Niva) იაკობაშვილის ჰოლდინგ “ЗАО Русагропроект”-ისაგან (რუსული აგრარული პროექტი) რამდენიმე პურის ქარხანა შეიძინა. იაკობაშვილმა 2012 წელს დაადასტურა გარიგება, მაგრამ გარიგების ზუსტი ღირებულება არ გაუმჟღავნებია. ამის შემდეგ ივანიშვილმა “სტოილენსკაია ნივა” Arco International Group-ს (ამერიკული საინვესტიციო ფირმა), გავრცელებული ინფორმაციით, 180 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა (ეს შემოსავალი პრემიერმინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში მოხსენიებული არ არის).
აღნიშნულ კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” აქვეყნებს.