საქმე ეხება გაზეთ “ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ახლახან გამართულ “ბათუმობის” დღესასწაულს ეხება და რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 260 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ თანხიდან 30 ათასი ლარი მთავრობის, დღესასწაულის სტუმრების და ჩინოვნიკების ბანკეტს მოხმარდა.
როგორც მედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტს საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარებით ამ სტატიის გამო შეურაცხყოფა მიაყენა და საქმიანი რეპუტაცია შეულახა (მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ აღნიშნული კომენტარების ციტირებას).
ამ ფაქტის გამო, აჭარის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტები, დღეს, ბათუმის პრესკაფეში შეიკრიბნენ და აღნიშნული ფაქტი დაგმეს. მასმედიის საშუალებათა წარმომადგენლებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისაგან ფაქტზე რეაგირება მოითხოვეს.
_ ეს პირველი შემთხვევა არაა _ ჟურნალისტებზე თავდასხმა უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოხდა ერთი თვის წინაც, ორი თვის წინაც და შეიძლება ითქვას, რომ ხდება სისტემატურად, _ განაცხადა ჟურნალისტმა მაია მერკვილაძემ. თუმცა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არსებობს ნაკლები მოლოდინი იმისა, რომ უმაღლესი საბჭო რაიმე ზომებს მიიღებს, რადგანაც ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის წინა შემთხვევებს ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყოლია.
შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც იყვნენ მიწვეულნი. თუმცა, იმ მიზეზით, რომ მათ სხდომა ჰქონდათ დანიშნული, პრესკაფეში არ მივიდნენ. უმაღლესი საბჭოდან, შეხვედრას, მხოლოდ დეპუტატები _ სვეტლანა კუდბა და ეკა თარგამაძე დაესწრნენ, რომელთაც განაცხადეს, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ და აუცილებლად მიაწვდიან ინფორმაციას რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე არ მოვიდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის წარმომადგენლებიც. თუმცა, როგორც აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელმა ტარიელ ცეცხლაძემ აღნიშნა, პრესცენტრის ხელმძღვანელმა მარინა კუპრეიშვილმა დარეკა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში და მოითხოვა, რომ აღნიშნული ინციდენტის და შეკრების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით არ გადაიცეს.
შეკრებაზე აჭარაში მოღვაწე ჟურნალისტები შეთანხმდნენ, რომ თუ ამ ფაქტზე რეაგირება არ იქნება ან მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად, შესაძლოა, საპროტესტო აქციებიც მოაწყონ.